ახლახანს ზურაბ ზვიადაური მკვლელობისთვის დააკავეს – შსს-ს ინფორმაციით, მან მისი ძმის მკვლელს ესროლა

0

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლელობისთვის ოლიმპიური ჩემპიონი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაურია დაკავებული. განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მან ესროლა 1994 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს, რომელმაც მისი ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლა.
გუშინ, 16 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზვიადაურის ძმა ორ მეგობართან ერთად ჩაცხრილეს. როგორც ტაბულას თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში უთხრეს, სამივე დაჭრილი კლინიკაში მოყვანამდე გარდაცვლილი იყო.

“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მომხდარზე იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ.-ც არის დაკავებული

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – “სტეჩკინის” ტიპის პისტოლეტი და “საიგას“ ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განცხადების მიხედვით, მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: ტაბულა

Share.