”ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, მკვლელები 19 წლისები არიან” – რატომ გაიმეტეს ასე სასტიკად ახალგაზრდა ბიჭი?

0

29 წლის ლასო აბუთიძე საკუთარ სახლთან გაგუდული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში აბუთიძეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში გაქირავებული კოტეჯის ბინადრებმა დაურეკეს და დახმარება სთხოვეს. ადგილობრივების მტკიცებით, კოტეჯის მაცხოვრებელ გოგონებს, მეზობელ სახლში მომუშავე ახალგაზრდები პრობლემებს უქმნიდნენ. სავარაუდოდ ახალგაზრდა მამაკაცი, სწორედ მათთან საქმის გასარკვევად მივიდა. რა გახდა 29 წლის მამაკაცის სასტიკი მკვლელობის მიზეზი დაზუსტებით არც გარდაცვლილის ნათესავებმა იციან. ადგილობრივების თქმით, მოკლული საკუთარი ბიზნესით იყო დაკავებული და წარსულში კონფლიქტი არავისთან ჰქონია. შსს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

loading...

“სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 2001 წელს დაბადებული 2 პირი: ვ.ს. და ი.ქ. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ლ.ა. დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.”
წყარო: geonewest.com

loading...

Share.