“ეკლესიიდან გაფითრებული გამოვიდა, თან ტიროდა და ამბობდა თქვენ მაინც არ დამიჯერებთ და არაფერს გეტყვითო…” – რა მოხდა ლომისობაზე

0

ლომისის წმინდა გიორგის მადლიანი ტაძარისადმი მორწმუნე ადამიანებს დიდი სასოება აქვთ. ბევრი უშვილო წყვილისთვის შვილიერება მიუცია, ბევრი კეთილმორწმუნე ოჯახიც შექმნილა და ბევრიც სნეულებისგან განკურნებულა, ბევრისთვის ნუგეში მიუცია.
თამთა ღლონტი ლომისას სასწაულებზე წერს: ,,ლომისაზე რამდენიმე ადამიანს თავს მსგავსი ისტორია გადახდა. სახლისკენ მიმავალ გზაზე, მოწმენდილ ცაზე, სხეულზე წვიმის წვეთებს გრძნობდნენ და ხედავდნენ. ზოგი მათგანი ამის მიზეზს ხეების ფოთლების ნამში ეძებდა, ზოგსაც უბრალო ხუმრობა ეგონა, მაგრამ როგორც სოფლის დეკანოზი განგვიმარტავს, ამას დანამვას უწოდებენ.

loading...

„თუ ლომისამ დაგნამა ე.ი მიგიღო და მადლი გადმოვიდა შენზე“,- გვიხსნის ის. დეკანოზი არა სასულიერო წოდება, არამედ დაახლოებით ხევისბერობის მსგავსი თანამდებობაა მთაში. მხოლოდ მისი კურთხევითა და ლოცვის წაკითხვის შემდგომ იწყება სუფრასთან დასხდომა და საკვების მიღება.

დეკანოზმა გვიამბო:

ისტორია 1: გუშინ შვილო, ბევრი სტუმარი გვყავდა, მოსალოცად ავიდნენ ლომისაზე, თუმცა მერე ზოგმა იჩხუბა. მოკლედ ბევრი ცოდვა დაგროვდა და გაწვიმდა. თავსხმა წვიმა იყო, მაგრამ ხატისველზე ერთი წვეთი არ გადმოვარდნილა, მხოლოდ ლომისაზე წვიმდა. თითქოს უფალი ცდილობდა წვიმით ეს ხალხი გაეზავებინდა და დაემშვიდებინა.

ისტორია 2: მაგ ხეს ფოთოლიც არ მოაწყვიტოთ გვაფრთხილებს,- ადგილობრივი. მაგას ხატის ველის კაკალს ვეძახით. წმინდა კაკალია. ადრე მაგის ადგილას ხვა კაკალი იყო, მაგრამ დაბერდა და წაიქცა. მეორე სოფლიდან მოვიდნენ მასალად მოგვყიდეთო, მართლაც გაყიდა აქ ერთმა ოჯახმა, დანარჩენებმა ვერ გავბედეთ. რამდენიმე თვის შემდეგ ეს ხე უკან მოიტანეს და თქვეს ისეთ სიზმრებს ვხედავ, ამის სახლში გაჩერება აღარ შემიძლიაო. ღვთისმშობელი მეუბნება, წაიღე და დააბრუნე ეს ხე თავის ადგილასო. აჰა და, თქვენი იყოსო. მერე ამ ხისთვის ხელი არავის უხლია, შეშად დავწვით ისევ ამ ველზე, მის ადგილას კი ახალი კაკალი გაიზარდა. არც იმ ოჯახს დაადგა კარგი დღე , ვინც ხატისველის წმინდა კაკალი გაყიდა.

ისტორია 3: აქ რომ წმინდა გიორგის ნიშია, შიგნით ხომ არ შესულხართ ? ქალების შესვლა არ შეიძლება და არც უწმინდური არ უნდა გაეკაროს. ჩემი ნათესავი იყო ჩამოსული თავის მეგობართან ერთად.

ახალგაზრდები არიან და მხოლოდ ქეიფი უნდოდათ, მაგრამ როცა დალიეს, აიტეხეს შიგნით გვინდა შესვლაო. შევიდნენ, სანთლები დაანთეს და გამოვიდნენ. აბლაბუდები ჰქონდა ხატებს და გადავწმინდეთო, თქვეს. რამდენიმე წუთში ჩემი ნათესავის მეგობარი უკან შებრუნდა, მარტო მინდა ლოცვაო. დიდი ხანი არ გამობრუნდა, ბოლოს როგორც იქნა, გამოვიდა, მთლიანად გაფითრებულიყო და ტიროდა. იძახდა, მაინც არ დამიჯერებთ, არაფერს გეტყვითო. მერე, როგორც იქნა, თქვა: -შიგნით რომ შევბრუნდი, ხატები ისევ აბლაბუდაში იყო გახვეული და ისევ გადავწმინდეო, მაგრამ ჩემი სანთელი როგორც დავტოვე, ისე იყო და არ იწვოდა. გავიფიქრე, სანამ ეს ჩაიწვება, ბოლომდე აქედან არ გავალ-თქო, მაგრამ სანთელი ზუსტად ისე იყო , როგორც ანთებამდე, – მეტი არაფერი მოგვიყვა, ტიროდა აღარც სუფრას მიეკარა, წავიდა და მანქანაში დაიძინა.

მეორე დღეს რომ გაიღვიძა, არაფერი ახსოვდა. არის, შვილო, ასეთი შემთხვევებიც, როდესაც ურწმუნო ხატს მიეკარება, ხატი მას დააგდებს ხოლმე. სხვა ურწმუნოები კი ამას ხან სიმთვრალეს აბრალებენ, ხანაც ამბობენ რომ ვიგონებთ, მაგრამ ამ სასწაულებს ჩვენი თვალით ვხედავთ.

ჟურნალი “საერკე”

loading...
Share.