“თითქოს წინასწარ გრძნობდა, ტელეფონზე დამირეკა და მითხრა..” – ნახეთ რა უთხრა მის მეგობარს დაღუპვამდე 1 დღით ადრე ნიკა ქაცარიძემ

0

5 იანვრის დილას, რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა.
ნიკამ დილით ნაბახუსევზე ცივი წყალი დალია, საწოლში დაწვა და მალევე მეუღლემ გარდაცვლილი იპოვა…
მსახიობის გამოსვენება რვა იანვარს, 14 საათზე რუსთაველის თეატრიდან შედგება და ის მახათას პანთეონში დაიკრძალება.
კოლეგა და მეგობარი ედმონდ მინაშვილი ნიკას “პრაიმტაიმთან” იხსენებს.
ედმონდ მინაშვილი: ყველა დახოცილები ვართ. ამ ბიჭმა ჩვენი გული და სული წაიღო. ჩვენი “რიჟა” აღარ გვყავს.
ქრონიკული დაავადება არ ჰქონია. ნაბახუსევზე გულის აჩქრება ჰქონდა, ცუდი “პახმელია” იცოდა.

პირველი იანვრის შემდეგ გადაუბია სმა… დიდი იყო, სვამდა და იტანდა, მაგრამ ნაბახუსევზე გამოსვლა უჭირდა.
5-ში დილას წყალი დალია. გადაბრუნდა და მეუღლეს არაბუნებრივი სუნთქვის ხმა გაუგია… სასწრაფოს ვერ მოუსწრია. გული გაუსკდა. ვერ გაუძლო…
ბოლოს 4 იანვარს ვესაუბრე. ნასვამი იყო, მარტო, სახლში. მანამდე თეატრში ლუდი დაულევია და მასთან ასვლას მთხოვდა. რატომღაც სამეგობროში ყველას ჩამოგვირეკა და მასთან ასვლას გვთხოვდა. უნდოდა, რომ მასთან მივსულიყავით. ახლა ისე მწყდება გული რომ არ მივედი…

რომ ვიხსენებთ, თითქოს ყველას სიყვარული აგვიხსნა და გამოგვემშვიდობა. ალბათ, წინათგრძნობა ჰქონდა.

სიყვარულის გამოხატვა შეეძლო, სიტყვებს არ იშურებდა. მაგრამ ბოლოს, განსაკუთრებულად.

რვა იანვარს სპექტაკლი უნდა გვეთამაშა, რობერტ სტურუას “დაკანონებული უკანონობა”. ხვალ კი მისი დაკრძალვაა.

სპექტაკლის მერე შევიკრიბოთ და მოვილხინოთ-მეთქი, ვუთხარი. მე დღეს მინდა თქვენთან ჩახუტება, თორემ რვაში ისედაც აღვნიშნავთო…

ახალციხეში უნდა ჩავსულიყავით 9-10 იანვარს. მეგობარი გვეპატიჟებოდა. იქ ორი კვირის წინაც ვიყავით.

დიდი იყო, მაგრამ ჩიტის გული ჰქონდა. ძალიან გულჩვილი იყო. ყველაფერზე შეეძლო ეტირა, პატარა სიხარულზეც და უბედურებაზეც. სიყვარულს აფრქვევდა. კოლეგაზე მარტივად შეეძლო ეთქვა – ძალიან მაგარი ხარო. ვამაყობ, რომ ჩემი ძმაკაცი ხარო… ჩვენს პროფესიაში ეს იშვიათობაა, არ გეტყვიან ამას. ნიკუშა სიყვარულს გამოხატავდა.

არაჩვეულებრივი იყო ყველაფერში – თეატრში, ოჯახში, სამეგობროში… მოკლე დროში ყველას შეაყვარა თავი.

ისე გული მატკინა ამ ბიჭმა… დიდიან პატარიანად, მთელი თეატრი შოკში ვართ. ყველა გადაგვრია.

ჩვენი “რიჟა” გაფრინდა… სამუდამო სასუფეველს დაიმკვიდრებს.

რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით, თეატრიდან იქნება გამოსვენება, ხვალ 14 საათზე. ეს მისთვის იმხელა ბედნიერება იქნებოდა. თეატრიდან გამოსვენებაზე როცა იყო საუბარი, მე აქედან ვინ გამომასვენებსო, ამბობდა ხოლმე…

ფანატიკოსი მსახიობი იყო. ოთხი წელი აბარებდა თეატრალურ ინსტიტუტში. არ დანებდა. რუსთაველის თეატრის და რობერტ სტურუას გამო ჩავაბარეო, ამბობდა. იშვიათი იყო თეატრისადმი ისეთი სიყვარული, რაც ნიკას ჰქონდა. რუსთაველის თეატრის გიჟი ფანი იყო.

მეტი რა უნდა მინდოდეს, არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს და რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ, გვერდით ასეთი მეგობრები მყავხართო… ბოლოს ბედნიერი იყო. ბოლოს, როცა დაალაგა ყველაფერი და თითქოს ცხოვრებით ტკბებოდა, მაშინ წავიდა…

თბილისის მერიას მადლობას ვუხდი, რომ ნიკას დაკრძალვა მახათას პანთეონში გადაწყდა.
წყარო:ambavi.club

Share.