“მე ასეთი ზურაბ ზვიადაური მიყვარდა, მაგრამ სამწუხაროდ მივხვდი, რომ გმირისგან მხოლოდ ეს სურათი დამრჩა…” – რას წერს ნანა აკობიძე ზურაბ ზვიადაურზე

0

ჟურნალ „სახეები/სახელების“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ნანა აკობიძე ზურაბ ზვიადაურთან ერთად, მრავალი წლის წინ გამოქვეყნებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში გმირები ან ციხეში მიდიან, ან კვდებიან.
ნანა აკობიძე:
„სად მიდიან გმირები….
ოლიმპიადაზე, ბექაური რომ ჩემპიონი გახდა, ზურაბ ზვიადაურის ვიდეოს გადავაწყდი: ფინალის ყურებისას, როგორ „დაბრუნდა“ 17 წლით უკან, ოლიმპიურ ტატამზე და წარმოსახვით როგორ „იჭიდავა“ ბექაურთან ერთად – თითქოს მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
მე ასეთი ზურაბ ზვიადაური მიყვარდა – მოჭიდავე ზვიადაური. უფრო სწორად, გვიყვარდა: მე და ჩემს უფროს ბიჭს, რომელიც 4-ის იყო მაშინ და ძიუდო და ზვიადაური ერთად გაიცნო – გაიგონა და შეიყვარა.

ეს სურათი 17 წელია, დევს მის საძინებელში – მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია, აქ არ ცხოვრობს და წელიწადში ერთხელ ჩამოდის სახლში.
„ის სურათი სად გვაქვს“? – მომწერა ამას წინათ, ჩემი პოსტი ნახა – ბექაურზე და ზვიადაურზე. ამას ვწერდი იმ პოსტში:
„ოლიმპიური ჩემპიონებიდან დაუვიწყარი ემოციაა ჩემთვის ზურა ზვიადაურის გამარჯვება. წეღან შემხვდა ვიდეო, მაშინ ჩემი შვილი წავიყვანე და ზვიადაურთან სურათი გადავაღებინე.
გმირი იყო და იმიტომ.
ვუსურვებ ყველა გამარჯვებულს, გაეაზრებინოთ, რომ იმ წუთიდან, რა წუთსაც საქართველოს ჰიმნი აჟღერდება და ჩვენი დროშა აიწევა მათ თავზე, ჯილდოსთან ერთად ტვირთსაც იკიდებენ. ტვირთია ის სიხარული, რაც იმ წამს მოაქვთ თავისი ქვეყნისთვის და არაა მსუბუქი მისი ტარება. ჰიმნის და დროშის ფონზე დგომა იქ, იმ უმაღლეს კვარცხლბეკზე ერისკაცად (ერისქალად) კურთხევასაც ნიშნავს და დიდი ძალა (არა მხოლოდ ფიზიკური) სჭირდება ამ ერისკაცობას. მინდა, ყველა იმ ადამიანთან, ვის გამოც მიტირია მისი ისტორიული გამარჯვებისას, წლების მერე ისევ მომინდეს უკვე შვილიშვილების მიყვანა სურათის გადასაღებად.

მინდა, გმირებად დაბერდნენ“.

მინდოდა, გმირად დაბერებულიყო ზვიადაური.
სამწუხაროდ, მერე დავინახე – მივხვდი, რომ გმირისგან მხოლოდ ეს ფოტო დამრჩა.
ჩემი შვილიც მიხვდა (დიდი იყო უკვე), რომ პარლამენტარი ზვიადაური არ მოგვესმა;
რომ რაღაც გარჩევებში მონაწილე ზვიადაურიც არ მოგვესმა;
რომ პარტიის მაისურში გამოწყობილი ზვიადაურიც არ მოგვეჩვენა.
ადამიანს რომ ტრაგედია დაემართება – და უდიდესი ტრაგედია დაემართა ახლა ზვიადაურს, ალბათ, ყველაზე ხშირად ფიქრობს, რა მოხდებოდა, დროის უკან გადახვევა რომ შეიძლებოდეს;
მართლა რომ შეიძლებოდეს და
ზვიადაური ახლა ბრუნდებოდეს ათენიდან, პირველი ოლიმპიური ჩემპიონი,
თავისი ქვეყანა ჰკიდებდეს ხელს 23 წლის ბიჭს და აძლევდეს განათლებას (და არა ფიზკულტურის ინსტიტუტის ფარატინა დიპლომს ერთი წლის შემდეგ);
აძლევდეს ღირსეულად ცხოვრების, დასაქმების, განვითარების შანსს;
უნარჩუნებდეს იმ განცდას, რომ გმირია – არამხოლოდ სუფრებზე და სადღეგრძელოებით;
მუშაობდეს მასთან ადამიანი – მრჩეველი/სპეციალისტი/პიარი/, მენეჯერი, რაც გინდა, ერქვას, რომელიც ასწავლის გმირის ტვირთთან თანაცხოვრებას, მათ შორის მთავარს: რას არ უნდა გაეკაროს! პირველ რიგში – არც ერთ პარტიას!
და კიდევ ბევრი, ბევრი რამ რომ შეიძლებოდეს და ჰქონდეს და სურდეს ჩვენს ქვეყნას თავისი გმირისთვის და თვითონ გმირებს,
იქნებ გადარჩენილიყო ზვიადაურიც და ის ახალგაზრდა ბიჭებიც, იმ დღეს იქ, ტყეში რომ დაასრულეს გარჩევაც და სიცოცხლეც.
მაგრამ ჩვენს ქვეყანაში გმირებს ერთი მიზნით ქმნიან: გამოიყენონ და გადააგდონ.
და სახალხო გმირებსაც, ზვიადაურისნაირებსაც, ძალიან მარტივად „იერთებენ“ – იმავე მიზნით.
ძალიან მინდოდა, გმირად დაბერებულიყო ზვიადაური.
ალბათ, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, იმ დღეს უცებ დაბერდა.
ვკითხულობ კომენტარ-სტატუსებს და – ადამიანები წერენ, რომ გმირია, აბა, რა არის – ძმის მკვლელი მოკლა;
კიდევ ბევრს წერენ და ამბობენ, ბევრნაირად.
ალბათ, მე არ ვიქნები პირველი, ვინც იტყვის, რომ წლების განმავლობაში ნელ-ნელა აკვდებოდა და იმ დღეს საბოლოოდ შემოაკვდა ზურაბ ზვიადაურს გმირი ზურაბ ზვიადაურიც.
იმიტომ, რომ ჩვენთან ასე ხდება: გმირები ან ციხეში მიდიან, ან – მიწაში“.

Share.