“მინდა 500$-ით საქართველოში ყოველთვიურად ვინმეს დავეხმაროვო სანამ ვმუშაობ…” – ნახეთ ეგვიპტელი ქრისტიანი, რომელიც ქართველებს 8 წელია ეხმარება

0

ჟურნალისტი და მწერალი ნანა აკობიძე ერთ საოცარ ამბავს იხსენებს, რომელიც იმსახურებს იმას, ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს და გაიგოს მისი მთავარი გმირის – ეგვიპტელი კოპტის ეჰაბ ელ რაჰების შესახებ:
“ეს ამბავი იმ სერიიდანაა, ხანდახან ღმერთი რომ მიწაზე ჩამოდის, ადამიანის სახეს იღებს, ქალაქში, მტვერში წაქცეულს ფეხზე აყენებს და ამით სხვა ფეხზემდგომს ეუბნება: გააგრძელე – ახლა შენ წამოაყენე სხვა!
ჩემთანაც მოვიდა ერთხელ ასეთი ღმერთი,სახელად ეჰაბი, ეგვიპტიდან, 2012-ში. ამბავი ბანალურად დაიწყო: კაცმა, რომელიც დუბაიში კომუნიკაციების ინჟინრად მუშაობს, საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა გადაწყვიტა. საქართველოს თავისიმეგობრებისგან იცნობდა და როგორც ქრისტიანმა კოპტმა, სიბერის გასატარებლად თბილისი საუკეთესო ადგილად მიიჩნია.
ასე მოხვდა ეჰაბი ჩემთან: ბინას ვყიდდი და სანახავად მოვიდა, აივნიდან, სახლის წინ

loading...

ვაკის სამების ეკლესია დაინახა, პირჯვარი გადაიწერა და თქვა, რომ მორჩა – ყიდულობს!

ძალიან კომუნიკაბელური იყო და სანამ ბინის გადაფორმებას დავასრულებდით, უკვე ყველაფერი ვიცოდით მასზე და მის ოჯახზე. ლონდონში ჰქონდა განათლება მიღებული – დუბაიში უკვე წლებია, მუშაობდა თავისი სპეციალობით და შემოსავალს არ უჩიოდა. ერთ დღესაც რჩევა მკითხა: სანამ ვმუშაობ და ხელფასს ვიღებ, გადაწყვეტილი მაქვს, 500 დოლარით საქართველოში ყოველთვიურად დავეხმარო ვინმეს, ვისაც ეს სჭირდება და ვის მირჩევო. სწორედ იმ პერიოდში საქველმოქმედო აუქციონებს ვაწყობდით და უგრძესი სია მქონდა იმ ადამიანების, ვისაც თვეში 500 კი
არა, 50 დოლარი შეუმსუბუქებდა მდგომარეობას. ვურჩიე, რომ უმჯობესი იქნებოდა, ეს თანხა სამი ადამიანისთვის გაენაწილებინა ყოველთვიურად. დამეთანხმა და ასე იქცა ეჰაბი „ჰაბად“: 3 ადამიანი „მიიბა“ გადასარჩენად: 1. სტუდენტი, მარტოხელა დედა, რომელიც აუტიზმის სპექტრის დიაგნოზით ზრდიდა მცირეწლოვან შვილს; 2. ასევე სტუდენტი, ობოლი ბიჭი, ბ ჰეპატიტის დიაგნოზით (ეს ბიჭი ჩემთან როგორ მოხვდა, ეს კიდევ ცალკე ისტორიაა) და 3. ერთ-ერთი ჩვენი ბენეფიციარი, 6 წლის ბიჭი ცერებრალური დამბლით.
მოკლედ, ისტორია დაიწყო: ეჰაბმა საქართველოს ბანკში სპეციალური ანგარიში გახსნა, საიდანაც, 2012 წლის ივლისიდან მოყოლებული, ამ ადამიანებს ყოველთვიურად ავტომატურად ერიცხებოდა იმ დროის კურსით, 165 დოლარის შესაბამისი ლარი. წლების მერე ეჰაბმა ეს ბინა გაყიდა: ჩვენმა ქვეყანამ უარი უთხრა ბინადრობის უფლებაზე. წერილი მოიწერა: მე მაინც გავაგრძელებ ჩემი ანგელოზების დახმარებასო. ბანკში ანგარიში გააუქმა და ახლა უკვე სპეციალური გზავნილით დუბაიდან ურიცხავდა სამივეს ყოველთვიურად შეპირებულ თანხას.
პანდემია რომ დაიწყო, მოიწერა, ეგვიპტეში ვარ და არ ვიცი, დუბაიში როდის დავბრუნდებიო. ჩავთვალეთ, რომ კონტრაქტი დაუმთავრდა და შესაბამისად, მისი ქველმოქმედების ვადაც ამოიწურა. ვადა, რომელიც 2012 წლის ივლისში დაიწყო და ზუსტად 8 წელი, ანუ 96 თვე გრძელდებოდა.

ამ 96 თვის განმავლობაში, უცხო ტომელი კაცის წყალობით, ორივე სტუდენტმა დაამთავრა სწავლა და დღეს შესაბამის სამსახურებში არიან დასაქმებული; მესამემ, პატარა ნიკუშამ, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს, ეჰაბის შემწეობით შეძლო მისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტად მიღება და მკვეთრად გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა;

…მცირეხნიანი წყვეტილობის შემდეგ, გუშინ ისევ მომწერეს მისმა ბენეფიციარებმა, რომ ეჰაბი დაბრუნდა – მათ ისევ მიიღეს დუბაიდან ფულადი გზავნილი.

მან ხომ თქვა, რომ სანამ სამსახური ექნება, მანამ მიიღებენ ეს ადამიანები მისგან დახმარებას და რადგან ჯერ სამსახური აქვს, პირობას ასრულებს.

ნებისმიერ ეტაპზე შეეძლო, შეეწყვიტა: მანამდეც, სანამ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ ეტყოდა უარს ბინადრობის უფლებაზე, მერე – მითუმეტეს. პანდემიის პერიოდში – ასევე- მითუმეტეს.

მაგრამ მას სიტყვა აქვს ნათქვამი და სიტყვას არ ტეხს. ღირსეული ადამიანები ასე ინარჩუნებენ ღირსებას და უნარჩუნებენ სხვებსაც.
ზოგს არ სჯერა, ამ ამბავს რომ ვუყვები: 8 წელიწადი, 96 თვე ძალიან დიდი დროა საიმისოდ, რომ შენს ხელფასს უყოფდე შენთვის უცხო ადამიანებს სხვა ქვეყანაში.

მაგრამ შესავალში ხომ ვთქვი, რომ ეს ამბავი იმ სერიიდანაა, როცა ხანდახან ღმერთი ადამიანის სახეს იღებს და მიწაზე ჩამოდის…
ბევრი სიკეთე მინახავს, მაგრამ ეს ამბავი ყველაზე შთამაგონებელია მათ შორის, რასაც პირადად შევეხე და ამდენი წელია, ვაკვირდები…”
წყარო:geoambebi.com

loading...
Share.