“მისი გარდაცვალების შემდეგ, ყველაფერმა აზრი დაკარგა..” – ნახეთ რა ტრაგედია დატრიალდა მსახიობ ლაურა რეხვიაშვილის ოჯახში

0

ლაურა რეხვიაშვილს ორი კვირის წინ დისშვილი გარდაეცვალა. როგორც მსახიობი ჩვენთან საუბარში ამბობს, 47 წლის ბესო სოლომნიშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი რა იყო, არ იციან.ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ იპოვა.დამწუხრებული დეიდა კი, უდროოდ წასული, განათლებული და გონებანათელი დისშვილის შეუმდგარ ცხოვრებას დასტირის.ლაურა რეხვიაშვილი: შვილი გვიან მეყოლა. მათეს დაბადებამდე კი ბესო ცხოვრობდა ჩემთან. თელავიდან ჩამოვიდა და სტუდენტობა ჩემს სახლში გაატარა. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.მასთან სადილი რომ შემქონდა, სულ ან გიტარას უკრავდა, ან ინტელექტუალურ მუსიკას – ჯაზს, კლასიკას თუ “ბითლზებს” უსმენდა… 24 საათი მუსიკაში იყო… ვეუბნებოდი, დაიბადე პროვინციაში, თელავში, მაინტერესებს მუსიკაში რა იცი-მეთქი. უნივერსიტეტის წიგნს შენს ხელში ვერ ვხედავ-მეთქი. მან ამიხსნა, მართლა როგორ ესმოდა მუსიკა და როგორი გატაცებული იყო. ერთხელ, მისი ამბის გასაგებად, უნივერსიტეტში მივედი. პატივით მიმიღეს. რექტორის მოადგილემ მითხრა, მთავარია, აქ მოისმინოს ლექციები.

რაც ვარსებობთ, სულ რაღაც მესამე შემთხვევაა, რომ ბესოს მსგავსი ნამდვილი ფენომენი გვყავსო.არ იყო თემა, რაზეც მას თავისი საინტერესო და ორიგინალური აზრი არ გააჩნდა. ბესო ღმერთისგან გასხივოსნებული მოცემულობა იყო. ინტელექტუალი, ბიბლიაში განსწავლული, ნამდვილი ერუდიტი…90-იანი წლები იყო და გვირაბის ბოლოს, სინათლე, ევროპაში და ამერიკაში წასვლის შანსი გაჩნდა. ამერიკაში, ქალაქ დეტროიტში, ჩემი ვაჟის, მათეს ნათლიის ძმები ცხოვრობენ, თემურ და ზაალ ღურჭუმელიძეები. თემური ექვსი სენატორის ოჯახის ექიმია. ძმებს იქ სამედიცინო ჰოლდინგი აქვთ. მოგვიანებით, სპორტის სასახლის უკან, ქართულ-ამერიკული კლინიკა გახსნეს. მიხეილ სააკაშვილმა ეს სენატორები საქართველოში მოიპატიჟა და მათ ახლდათ თემურ ღურჭუმელიძეც, როგორც პირადი ექიმი. იგეგმებოდა ქართულ-ამერიკული ინსტიტუციების პროექტები. მაგრამ მთავრობა შეიცვალა და ამ პოლიტიკური კატაკლიზმების გამო, ეს გეგმები არ განხორციელდა.მოკლედ, ძმები ეძებდნენ თავიანთი ჰოლდინგისთვის მმართველს და მათეს ნათლიამ, რამაზმა თავის ექიმ ძმებს, ნათელი გონების, განათლებაზე მოტივირებული, იურისტი ბესოს კანდიდატი შესთავაზა…ბესო თელავში დაბრუნდა, რომ ამერიკაში წასასვლელად მომზადებულიყო. ამ დროს გაიცნო გოგონა… ცოლად შეირთო და ამერიკაში ვეღარ წავიდა… მის აქ დარჩენას დღემდე ვტირი…იქიდან აყირავდა ბესოს ცხოვრება. თითქოს ხელის ჩაქნევისკენ, ჩიხში შესვლისკენ წავიდა. არაერთხელ სცადა სამსახურის დაწყება, არასამთავრობოშიც, თავის პროფესიაშიც, მაგრამ ვერა და ვერ… ვერავისთან გაიხსნა. თანამოაზრე ვერ იპოვა. თავისი თავის რეალიზაცია ვერ მოახდინა. ან თელავში რა უნდა ექნა, წარმოიდგინეთ.ბოლო დროს მანქანების კომპიუტერულ დიაგნოსტიკას აკეთებდა. ამ თემაზე კახეთში, ყველა ბესოს ურეკავდა.მერე დაიწყო ბოჰემა… დეპრესიული განწყობა.ბესოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ ვიცით, ეს იყო გული, თრომბი თუ რა…ცალკე ცხოვრობდა. ისიც თელავის ცენტრში. საღამოს მამამ მოიკითხა, ესაუბრა და მეორე დღეს დედა რომ ურეკავდა, ტელეფონს არ პასუხობდა. სამჯერ რომ არ უპასუხა, ჩემი და უკვე მივიდა სახლში და ბესო საწოლზე დამჯდარი, უკან გადაწეული და ზემოთ ხელაპყრობილი დახვდა…ჩემი და, ლელო სამ დაში, ყველაზე უმცროსია. აკადემიურად ლამაზი ქალია. ბესოს გარდა კიდევ ჰყავს ერთი ვაჟი, მაგრამ ბესო გამორჩეული გვყავდა…მეც მიკვირს და თვითონაც უკვირს ჩემს დას, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ ცოცხალია. არავის ვუსურვებ, რომ ჩემი და, ლელო ამ დღეში ეხილა. დატირებით ზეცა ჩამოიღო. ეს იყო შემაძრწუნებელი გოდება. ცოდვისგან ქვები დასკდა… მისი დატირება პოეტურობაც იყო, საცოდაობაც, რწმენაც, ურწმუნოებაც… ყველაფერი გაბითურდა, ყველაფერმა ხალისი, ფერი, აზრი დაკარგა. დედა-შვილი ხომ ერთი სხეული და “საშინელი” სიყვარულია.“ოთარაანთქვრივი” ხომ გახსოვთ. ასეთი იყო ლელოს მიერ ბესოს დატირება. ჩემი და დედაჩემს ჰგავს. დედამაც გადაიტანა შვილის გარდაცვალების ტკივილი. მე მსახიობი ვარ, მაგრამ როლიც რომ შემხვდეს შვილმკვდარი დედის, მე იმ დატირებას, ისე ვერ შევასრულებ. ამ ჩვეულებრივ ლელოს, დედასგან, ღრმა ფილოსოფიით სავსე დრამატიზმი გამოჰყვა.ჩემმა ქმარმა, დათომ სასაფლაოზე თქვა: შემშურდა, რომ ახლა მე არ ვწევარ იქ და ეს დატირება ჩემი მისამართით არ არისო.დადის ჩემი და და თავის შვილს ელაპარაკება – ბესო, ეს გინდა? ბესო, ბესო…რა საშინელებაა…თუ იქ, საიქიოში, არაფერია, მაშინ აქ, რასაც სიცოცხლე ჰქვია, უფრო არაფერი ყოფილა…მადლობა, რომ ამ ისტორიის მოყოლით პატივი მეცით და მწუხარება ოდნავ შემიმსუბუქეთ.
ავტორი: თამარ გონგაძე
წყარო:ambavi.club

Share.