აი ვის ჩაერიცხება დაგროვებული პენსიის თანხა სრულად და ერთიანად

0

ვის ჩაერიცხება დაგროვებითი პენსიის სრული თანხა ერთიანად ანგარიშზე და ხართ თუ არა იმ პირთა ჩამონათვალში, ვინც ამ უფლებით ისარგებლებს
ამ კითხვაზე პასუხს საპენსიო სააგენტო აქვეყნებს.
დაგროვებული თანხის გამოყენებას სტანდარტულ შემთხვევაში შეძლებთ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საპენსიო ასაკის მიღწევისას პენსიის გაცემა მოხდება ყოველთვიურად: დაგროვებული საპენსიო თანხის ყოველთვიური მოცულობა სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელის შესაბამისად დაანგარიშდება. გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე, ან თუ მონაწილეს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ან თუ დატოვებს საქართველოს და წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს, შესაძლებელია, დაგროვებული დანაზოგი მიიღოთ ერთჯერადი გაცემის გზით.

დაგროვებითი პენსია საპენსიო ასაკში

საპენსიო ასაკი საქართველოს კანონმდებლობით ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში განსხვავდება: ქალი 60 წლის, მამაკაცი კი 65 ასაკში გადის პენსიაში. ამასთან, ქალსაც და მამაკაცსაც პარალელურად უნარჩუნდება სოციალური პენსიით სარგებლობის უფლებაც.

დაგროვებითი პენსია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი საპენსიო სქემაში ერთვება და ზოგავს თანხას სასურველ ვადამდე. მას შემდეგ, როცა გადაწყვეტს თანხით სარგებლობას, მას შეუძლია ერთიანად გაიტანოს თანხა დაქვითვის გარეშე. თუმცა ამ შემთხვევაში სქემაში უკან დაბრუნების უფლებას კარგავს, რადგან კანონის თანახმად, მან უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით. ამდენად, მნიშვნელოვანია რომ შშმ პირმა ნაჩქარევად არ მიიღოს გადაწყვეტილება.

დაგროვებითი პენსია უცხოეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასული მოქალაქისთვის

უცხოეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასულ ადამიანს უფლება აქვს ვადაზე ადრე გაიტანოს დაგროვებითი პენსია. ამ შემთხვევაში, მის დაგროვილ დანაზოგს სახელმწიფოს მიერ დარიცხული 2% აკლდება და კანონის თანახმად თანხა იბეგრება 20%-ით, მხოლოდ დარჩენილი თანხის გატანას შეძლებს მოქალაქე.

იკარგება თუ არა თანხა მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში?

საპენსიო დანაზოგი მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის კანონიერ მემკვიდრეს/მემკვიდრეებს გადაეცემა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ქონება. მას შეუძლია, ან ერთიანად ისარგებლოს დანაზოგით ან გადაიტანოს თანხა საკუთარ საპენსიო ანგარიშზე და გააგრძელოს დაგროვება.

ვის შეუძლია სქემის ნებაყოფლობით დატოვება?

საპენსიო დაგროვებითი სქემის ამოქმედების მომენტში, ანუ 2018 წლის 6 აგვისტოს, ის პირი ვინც იყო 40 წლის ან მეტის, სქემაში ერთვება სავალდებულოდ, თუმცა ჩართვიდან სამი თვის შემდეგ ორი თვის განმავლობაში აქვს უფლება დატოვოს სქემა საკუთარი განცხადების საფუძველზე. ყველა სხვა მონაწილისთვის სქემაში გაწევრიანება და მონაწილეობა არის სავალდებულო.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, გასული თვის მონაცემების მიხედვით, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 3,375 პირმა ისარგებლა და მათზე გაცემული თანხა კი 9,046,189.28 ლარს შეადგენს.

Share.