ფოტოზე: გარდაცვლილი ლუკა ბარბაქაძე
ხაშურში, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ქალი კომატოზური მდგომარეობით კლინიკაშია გადაყვანილი.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი რკინიგზის თანამშრომელია და წუხელ იგი ღამის მორიგე ცვლაში მუშაობდა. ოჯახის ახლობლების თქმით, დედა-შვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, გარდაცვლილ ბიჭს ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემები ჰქონდა და მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა, პარალელურად, სკოლაშიც დადიოდა.
ამ ეტაპზე, მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ინტოქსიკაცია განიხილება, რაც შეეხება ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციას, როგორც მეზობლები ამბობენ, უკვე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და გაზის ან Co-ს გაჟონვა არ ფიქსირდება.
“საშინელება მოხდა. მამა წუხელ სახლში არ იყო, დილას მოვიდა და ეს სურათი დახვდა. ბავშვი გარდაცვლილი იყო, დედა უგონოდ. ამბობენ, რაღაც ჭამეს და ცუდად გახდნენო. დამატებით ჯერ არაფერი ვიცით. შოკში ვართ” – გვიყვებიან ოჯახის ახლობლები.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.