სოფელ იყალთოში წუხელ მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მთელი კახეთი შეძრა. მოკლულია თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი, დაჭრილია თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი. საჩიშვილს თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა ესროლა. ცნობილი ხდება სრულიად ახალი დეტალები. აღსანიშნავია, რომ მათ შორის წარსულში არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, არც სუფრაზე მომხდარა დაპირისპირება. შეიძლება ითქვას, ისინი გუშინდელ დღემდე ერთმანეთს არც კი იცნობდნენ.
სუფრა დაბადების დღის აღსანიშნავად სოფელ იყალთოში გაიმართა და როგორც იუბილარი დავით ლაჩაშვილი ამბობს, მოკლულმაც და სავარაუდო მკვლელმაც ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნეს. ყველაფრის ნორმალურად ჩატარების შემდეგ, ოჯახის უფროსმა ორივე პიროვნება გააცილა ერთი მანქანით და მერე რა მოხდა მისთვის უცნობია.
“იყო ჩვეულებრივი სუფრა, არანაირი დაპირისპირება, ორივე ჩემი მეგობარი იყო, თუმცა ერთმანეთს არ იცნობდნენ. სუფრაზეც მოშორებით ისხდნენ ერთმანეთისგან. სულ ექვსი ადამიანი ვიყავით. ღამით თვითონ დაჭრილმა დამირეკა, მესამე დამიანმა ვინც მანქანაში იჯდა, ზურა აღარ არისო. რა მოხდა დეტალები არ ვიცი, სავარაუდოდ, იარაღით არის მოკლული, რამდენჯერმე ესროლა”, – განაცხადა ოჯახის უფროსმა. “ტვ პირველი” ესაუბრა უშუალო თვითმხილველის, დაჭრილი ლევან ბერძენაშვილის ოჯახის წევრებს, რომლებსაც გარკვეული ინფორმაცია გააჩნიათ დაპირისპირების შესახებ. მათი ცნობით, ყველაფერი სიმთვრალის ნიადაგზე დაიწყო. კონფლიქტი მანქანაშივე მოხდა, სანამ სოფელ იყალთოდან გამოვიდოდნენ. თავად ბერძენიშვილი ხელში მსუბუქად არის დაჭრილი და ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.წყარო:geonewest.ge