ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, მერაბ დვალიშვილის მიერ ჰენრი სეხუდოს დამარცხებაზე სოციალურ ქსელში წერს:
„ვუყურებ მერაბ დვალიშვილს და ამ კაცზე შემიძლია, ვთქვა, რომ ქართული პატრიოტიზმის, წესიერების, პატიოსნების, შრომისმოყვარეობის განსახიერებაა. და ამ ყველაფერს ემატება შოუმენობის თვითნაბადი ნიჭი, რომელსაც ბევრი სახელოვან აკადამიებშიც კი ვერ სწავლობს.
დაიბადა 1991 წელს. ვანში იზრდებოდა, მერე თბილისში გადმოვიდა. 2010 წელს კი ამერიკაში სამუშაოდ წავიდა, რათა ოჯახისთვის ფული ეშოვა. 7 წელი იმუშავა. თან, დაღლილ-დაქანცული სავარჯიშოდ მიდიოდა. ამ ყველაფერმა მერაბი გამოაწრთო კიდეც. 2018 წელს შერეული ორთაბრძოლების წევრი რომ გახდა,
კიდევ უფრო აქტიური და მრავალმხრივი ვარჯიში დაიწყო. დაიწყო და აღარც გაჩერდა.
გამოვარჩევდი მერაბის მეორე ბრძოლას რიკი საიმონთან. ეს ვიდეო ახლაც დევს ინტერნეტში და ნახავთ, რომ მერაბს გამარჯვება ეკუთვნოდა, მაგრამ მსაჯებმა წაგება ჩაუთვალეს. თუმცა, ის ბრძოლა საღამოს საუკეთესოდ აღიარეს და ორივე მებრძოლს ჯილდოდ 50-50 ათასი დოლარი გადასცეს. აქედან მერაბი აღარც გაჩერებულა. ბოლო 10 შეხვედრაში ზედიზედ გაიმარჯვა და თან, აქედან სამში ჩემპიონებთან.
მისი ბრძოლის სტილის გამო, მეტსახელად “მანქანა” შეარქვეს. მთელი ეს წლები მერაბი ყველგან საქართველოს პოპულარიზებას ეწეოდა. იცვამდა ჩოხას, იხურავდა ფაფახს, სვირინგიც კი მკერდზე ქართული აქვს და გულსაბნევიც. სოციალურ ქსელებსა და მედიაში სულ საქართველოს ეხება. არა, ეს პოზა არ არის, ეს საკუთარ ქვეყანაზე გულწრფელად შეყვარებული კაცის ამბავია. დღენიადაგ იმაზე ფიქრობს, როგორ ასახელოს სამშობლო და როგორ გამოადგეს. ეს მაშინ, როცა ემიგრანტების ნაწილო ევროპასა და აშშ-ში ქურდობს, ყაჩაღობს, ძალადობს, საქმეს არჩევს, ატყუებს და მხოლოდ ვნებს სამშობლოსა და ერს. მერაბსაც ხომ შეეძლო ეს გაეკეთებინა? ბოდიში, მერაბს ეს არ შეეძლო, რადგან მისთვის საქართველო უპირველესია. ამიტომაც, დიდ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოსთან სწორედ საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლა და არა საკუთარი თავისთვის. ამიტომაც არის მერაბი გამორჩეული და სამაგალითო სპორტსმენი. მერაბის ცხოვრება ერთი დიდი კინოა, რომლის პირველი სერია ვანში დაიწყო. თბილისში გაგრძელდა, ახლა კი ნიუ იორკის სერია გადის, რომლის შემდეგი სერია კი ჩემპიონობაა. დიდი მადლობა, მერაბ!“, – წერს გოგა ჩანადირი.