“გამოძიებამ ავტობუსში კამერების ჩანაწერები ამოიღო სადაც..” – ნახეთ რა ჩანს შემზარავ კადრებში

0

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი განზრახ მკვლელობის დეტალებზე, ავტობუსის მძღოლი საუბრობს. როგორც ის იხსენებს, საჭესთან იჯდა, როდესაც 31 წლის ქალს საკუთარი მეუღლე თავს დანით დაესხა და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მუხრან პაპიძემ მგზავრების ყვირილის ხმაზე ტრანსპორტი გააჩერა და შემზარავი სურათი საკუთარი თვალით ნახა. საპატრულო პოლიციაც მან გამოიძახა. ხალხთან ერთად შველას ბრალდებულის და მოკლულის არასრულწლოვანი შვილებიც ითხოვდნენ.

„კურიერთან“ ინტერვიუში მძღოლი იხსენებს, რომ თავდასხმამდე, მამაკაცს მეუღლესთან კონფლიქტი არ ჰქონია.

მძღოლმა გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. გურამიშვილის გამზირზე მოძრავ ავტობუსში მომხდარი დანაშაული, ტრანსპორტში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა გადაიღო, ჩანაწერი გამოძიებამ უკვე ამოიღო. საქმეში კიდევ ერთი ვიდეომასალა დევს – მგზავრის ტელეფონით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს დანას გამეტებით როინ მებონია ახალგაზრდა მეუღლეს. 31 წლის ქალს, ქმარმა შვილების თვალწინ, 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა.

განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მომხდარზე საუბარს მან სხდომაზე დუმილი არჩია. ბრალდებულს არც პატიმრობის შუამდგომლობა გაუპროტესტებია. როინ მებონია მკვლელობის ბრალს ეთანხმება, თუმცა ამტკიცებს, რომ არაფერი ახსოვს. ეს თავდაცვის სტრატეგიაა თუ ფსიქიკური პრობლემები – შეკითხვას ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ უნდა უპასუხოს.

2 შვილის გარდა, 31 წლის სოფო კვარაცხელიას მკვლელობას, მისი და და დისშვილებიც შეესწრნენ. ქალის ცხედარი მშობლების სახლში, ზუგდიდში გადაასვენეს. შემზარავი დანაშაულის შემდეგ, მოკლულის დედა გულის შეტევით კლინიკაში მოათავსეს. სოფო კვარაცხელიას მცირეწლოვანი შვილები კი, მამის ოჯახში გადაიყვანეს.

იყო თუ არა შერაცხადი როინ მებონია დანაშაულის ჩადენის დროს, საქმის არსებითი განხილვისას გაირკვევა, რომელიც 14 ივლისს დაიწყება. ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ვიდეო:

Share.