„დედიკო, არ დაიძინო, შეგცივდება, ჩვენ ვერასდროს მოვხვდებით მის საფლავზე. ცხედრებს ისეთი სუნი აქვთ. ყველგან იყვნენ. ძმას დედაჩვენის შარფით შევუხვიე თვალები, რომ ეს ყველაფერი არ ენახა” – ნახეთ 16 წლის კატიას ისტორია მარიუპოლის ბლოკადიდან

0

16 წლის კატია მარიუპოლიდან:
„იცით ის შეგრძნება, როცა გტკივა? ოდესღაც ბიჭი შემიყვარდა, მას კი არ ვუყვარდი და მე მეგონა, რომ ეს იყო ტკივილი. თუმცა აღმოჩნდა, რომ გტკივა მაშინ, როდესაც ხედავ როგორ კვდება დედაშენი შენს თვალწინ. პატარა ძმა კი მასთან ახლოს მიდის და ეუბნება: „დედიკო, არ დაიძინო, შეგცივდება”. ჩვენ ვერასდროს მოვხვდებით მის საფლავზე. ის დარჩა ნესტიან და ბნელ სარდაფში. ჩვენ გვეძინა, ტუალეტში დავდიოდით, ნარჩენებს ვჭამდით ამ ერთ სარდაფში.

ერთხელ კოლია ძიამ მტრედი დაიჭირა, ეს ალბათ მე-5 თუ მე-6 დღე იყო [სარდაფში ყოფნის]. ეს მტრედი შევწვით და ვჭამეთ, მერე კი ღებინება დაგვეწყო. დედა ბოლომდე იბრძოდა, ევაკუაციამდე 3 დღით ადრე ის გარდაიცვალა. ძმას ვუთხარი, რომ დედას ღრმად სძინავს და მისი გაღვიძება არ ღირს. თუმცა მგონია, რომ ის ყველაფერს მიხვდა. მაშინაც მიხვდა, როცა გარდაიცვალა ჩვენი მეზობელი, მისი [ცხედრის] გატანა ვერ შევძელით და მას სუნი ასდიოდა. შემდეგ [გარეთ] სიჩუმე იყო და კოლია ძიამ ის გაიტანა, თვითონ კი ნაღმზე აფეთქდა. დედა ძალიან ტიროდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, კოლია ძია ყველაზე ახლო ადამიანი იყო.
ცხედრებს ისეთი სუნი აქვთ. ყველგან იყვნენ. ძმას დედაჩვენის შარფით შევუხვიე თვალები, რომ ეს ყველაფერი არ ენახა. სანამ გავრბოდით რამდენჯერმე კინაღამ გული ამერია. თქვენი ღმერთის აღარ მჯერა. ის რომ არსებობდეს, ჩვენ ასე არ დავიტანჯებოდით. დედაჩემს არასდროს გაუკეთებია რამე ცუდი.
ვერ ვიტან რუსეთს. ჩემი ალალი ბიძა იქ არის. იცით რა მითხრა დღეს ტელეფონში? „კატია? რომელია კატია? გოგონა, მე თქვენ არ გიცნობთ. რა ომი, რომელი კატია?”. ამის შემდეგ ფარული ნომრიდან მომწერა „კატენკა, არ მომწერო. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს სახიფათოა. დედას უკვე ვერ დავაბრუნებთ”. ვერ ვიტან მათ. ეს ხომ მისი ალალი და იყო?! ასე როგორ შეიძლება.
იცით, მგონია, რომ მარიუპოლში დავბრუნდები და იქ, იმავე ადგილას ვიცხოვრებ. ყოველ ჯერზე, ერთი და იგივე დღეს ჩავალ ახალი სახლის სარდაფში და იქ ყვავილებს დავტოვებ… ახლა ალბათ გაგვყოფენ და ჩემს ძმას სავარაუდოდ ვეღარ ვნახავ. რატომ? რატომ “გადაგვარჩინა” ამ პუტინმა? ჩვენ ხომ კარგად ვცხოვრობდით, მანქანაც კი ვიყიდეთ. კოლია ძია მპირდებოდა, რომ ტარებას მასწავლიდა. მათ ეს მანქანა დაწვეს. ბინაც აღარ გვაქვს. სიკვდილი მინდა, მაგრამ არ შემიძლია… ჩაეხუტეთ თქვენს შვილებს! თორემ როცა აღარ იქნებით, ისინი ვერ გაიხსენებენ თქვენს სუნს. თუ გავუძლებ და ოდესმე შვილები მეყოლება – სულ ჩავეხუტები.“

Share.