8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებულ 18 წლის ერეკლე თედლიაშვილს, რომელიც 12 სექტემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა, დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ერეკლეს მშობლებს კითხვები აქვთ კლინიკასთან, ექიმებთან და მთელ რიგ გარემოებებზე, როგორც სამართლებრივად, ისე სამედიცინო კუთხით, შესაბამის ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ.
“ერეკლეს ოჯახს აქვს პრეტენზია და კითხვები კლინიკასთან, სადაც მას მკურნალობა უტარდებოდა და ასევე ექიმებთან. როდესაც შემთხვევიდან პირველივე წუთებში გაკეთდა განცხადება, რომ ის ტრავმები, რაც აღენიშნებოდა ერეკლე თედლიაშვილს, იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი, ამის შემდეგ, კლინიკა”ჯერარსში“ ექიმები იმედს აძლევდნენ ოჯახს, რომ პაციენტის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა და უფრო მეტიც – კლინიკამ, პირდაპირ რეანიმაციიდან, ფაქტობრივად, მომაკვდავი ბავშვი გაწერა სარეაბილიტაციო ცენტრში და ფაქტი სახეზეა – “ნიუ ჰოსპიტალსში“ ისე დამძიმდა ერეკლეს მდგომარეობა, რომ კვლავ დააბრუნეს კლინიკა “ჯერარსში”. დღეს ერეკლეს დაკრძალვაა და როგორც კი ჩაივლის ეს უმძიმესი დღეები, ოჯახი ყველა კითხვით დაინტერესდება და როგორც სამართლებრივად, ისე სამედიცინო კუთხით, მოითხოვს შესაბამის ახსნა-განმარტებებს ამ გარემოებებზე. რაც შეეხება გამოძიებას, ოჯახი თავიდანვე ნდობას უცხადებდა გამოძიებას, პირი, რომელმაც ერეკლე თედლიაშვილს დაზიანებები მიაყენა, არის ბრალდებული და ჩვენ სასამართლოს ვანდობთ გადაწყვეტილების მიღებას”, – განაცხადა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა.
წყარო: DiaNews.ge