იტალიიდან ჩამოფრენილი ქალი რომელიც იზოლაციაში უნდა ყოფილიყო, რათა სხვებისთვის არაფერი გადაედო, სალონში თმის შესაჭრელად მივიდა და გამოაგდეს

0

იტალიიდან ჩამოფრენილ მოქალაქეს, რომელსაც თვითიზოლაციის რეკომენდაცია აქვს მიცემული, რამდენიმე საათის წინ, თელავში, ერთ-ერთი კოსმეტიკური სალონი იძულებით დაატოვებინეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქალბატონი თმის შესაჭრელად მივიდა. სალონის თანამშრომლებმა კი, ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს მიაწოდეს.

„ქალბატონი თმის შესაჭრელად იმყოფებოდა და ყვებოდა, რომ საქართველოში იმავე რეისით დაბრუნდა, რომლითაც ახალი „კორონავისრუსით“ დაავადებული 44 წლის მამაკაცი“, – უამბო „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა.

თავად სალონში მედიასთან ურთიერთობას თავს არიდებენ, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ რეაგირება სწრაფად მოახდინეს.

მოქალაქის შესახებ შეტყობინება შევიდა დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც. კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ცენტრმა რამდენიმე ასეთი პირის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

„ქალბატონი, რომელიც დღეს სალონში შევიდა, საქართველოში 1 მარტს დაბრუნდა. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ამ მოქალაქისა და კიდევ დამატებით რამდენიმეს შესახებ, რომლებიც არღვევენ თვითიზოლაციის რეჟიმს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა, მათ ოჯახებში პოლიციის თანხლებით მიაკითხეს. თუ ისინი რეჟიმის დარღვევას გააგრძელებენ, იძულებული ვიქნებით, კარანტინში გადავიყვანოთ“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაცით, მოქალაქეები, თვითიზოლაციის დამრღვევი პირების შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მთელი დღის განმავლობაში ატყობინებდნენ.
წყარო: პრაიმტაიმი

Share.