სოციალურ ქსელში ექიმი ნელი გაბინაშვილი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ერთი ოჯახის მძიმე ისტორიას გვიყვება.ექიმი წერს ქალზე, რომელმაც ჯერ ქმარი დაკარგა, შემდეგ ერთმა შვილმა თავი მოიკლა, ხოლო მეორე წყალში დაიხრჩო.
ამბავს ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ.
„დილიდან ამყვა ფიქრი ერთ საოცარ ქალზე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ბანალურად გამოჩნდა და ბევრი თავსატეხი გამიჩინა, ბევრი რამ სხვაგვარად დამანახვა და ბევრი კითხვაც დამიტოვა…
ზაფხული იყო, კაბინეტში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შემოვიდა( უფრო ქალი იყო ახალგაზრდა, ქმარი – შუახნის)
-„ძალიან ცუდად მყავს ჩემი მიშა ექიმო, უნდა უშველო უმაგისოდ რა გვეშველება, ან მე ან ჩემს შვილებს?!”
ქალი იყო მაღალი, ჯეირანივით ყელმოღერებული, დიდი შავი, ცოცხალი თვალებით, ხვეული თმით – ჯანიანი, თითებზე მძიმე შრომის კვალი აჩნდა, ქმარი გამხდარი, ფერმკრთალი, ავადმყოფური სახით. ანამნეზის შეკრებისას ქალი პასუხობდა, კაცს არ აცდიდა.. ღიმილით ვთხოვე თვითონ მიპასუხოს დააცადე-თქო, მაგან მარტო შრომა იცის, წესიერად ვერ აგიხსნითო.
დაავადება ძალიან სერიოზული აღმოჩნდა, შორს წასული დილატაციური კარდიომიოპათია, გულის მწვავე უკმარისობით… ამ დღიდან რამდენიმე წელი ერთად ვიბრძოდით სენის წინააღმდეგ, უფრო ქალი, მზად იყო არაფერი დაეშურებინა მეუღლის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ორი ვაჟკაცი მეზრდება, თვითონ ირჩენენ თავს, მშივრები არ იქნებიან შრომა იციან, თავისი ნაშრომი ამ კაცს უნდა მოვახმაროო, ერთხელ შეშფოთებულმა დამირეკა, ძალიან ცუდად არის, გადაადგილება არ შეუძლია, იქნებ ზეპირად მირჩიოთ რამე ფეხზე რომ წამოვაყენოო, მეუღლეს ვთხოვე წამიყვანე ზეპირად ვერ მივცემ დანიშნულებასთქო კითხვა – კითხვით მივაგენით, ედემის ბაღივით აყვავებულ სიმწვანეში, ორსართულიანი დაუმთავრებელი უკარფანჯრო სახლის ქვედა სართულის უიატაკო ოთახში იწვა ავადმყოფი.
ჩემი მოულოდნელი მისვლით ისე დაიბნა, გაუხარდა უმძიმესი მდგომარეობა იყო სასწრაფო გამოვიძახე და სტაციონარში გადავიყვანეთ… შედეგი სავალალო იყო… მძიმე შავებში შეიმოსა ცოლი, ფრთამოტეხილივით დადიოდა, შვილები გყავს რა უფლება გაქვს უმოქმედობისო შემოუძახეს, ორმაგი ძალით შეეჭიდა ცხოვრებას, ორი წელიც არ გასულა შემზარავი ამბავი გავრცელდა: „ნანას უფროსმა შვილმა ახალი წლის ღამეს თავი მოიკლაო,“ .. უფრო მძიმე ძაძებით შეიმოსა, უფრო დაპატარავდა: „თავისი ადგილი ვერ ნახა ცხოვრებაში, სამსახური ვერ იშოვა სმა დაიწყოო თავს იდანაშაულებდა მამა რომ ჰყოლოდა ეს არ მოხდებოდაო“… მეორე შვილი ხომ გყავს, იმას მიხედე, ახლა იმას სჭირდები, შენი უსაშველო გლოვით ბიჭს ცხოვრება არ გაუმწაროო.. ისევ შემოუძახეს, მძიმე შრომაში ცდილობდა დარდის გაქარვებას… ისევ შემზარავი ამბავი, შრომით დაღლილმა ყმაწვილმა წყლით გაგრილებს გადაწყვიტა და… დაიხრჩოო…
სამძიმარზე არ ტიროდა, არ მოთქვამდა, ჭერში იყურებოდა… ერთი წელიც არ იყო გასული კაბინეტის კარი შემოაღო, წითელი კვასკვასა ტუჩსაცხი ესვა, ჭრელი კაბა, გამომწვევი მაკიაჟით.. გავოცდი, თავი ძლივს შევიკავე ჩემი გაოცება რომ დამეფარა… მოსვლის მიზეზი ვკითხე, ჯანმრთელობის ბევრი მძიმე პრობლემა აღმოაჩნდა, წამყვანი თირკმლის მწვავე უკმარისობა სასწრაფოდ სტაციონარია საჭიროტქო.. ცოტა ხანს შეჩერდა: „ცხოვრებას დავცინეო, მის ჯიბრზე რა არ ვიფიქრე და ეს მოვიფიქრეო“– ჩუმად ჩამჩურჩულა..
დიდი დრო არ გასულა წავიდა თავის ქმარ- შვილთან ასე მორთულ- მოკაზმული, უნუგეშო და მარტოსული…არ ვიცი რატომ წუხელ დამესიზმრა ძალიან, ძალიან ზევიდან იყურებოდა და.. იღიმოდა“, – წერს ნელი გაბინაშვილი.
წყარო:daqali.club