“მან ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა, სჯობს უფროს ადამიანებზე წესიერად ილაპარაკოს” – რას პასუხობს ამირან გამყრელიძე მეუფე იაკობს

0

“წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შემიძლება, განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ელაპარაკება და ესაუბრება” – ასე ეხმაურება TV პირველთან სატელეფონო საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მეუფე იაკობის განცხადებებს. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი თვლის, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ ადამიანების გაფრთხილებისთვის ბოდიში უნდა მოიხადონ.
“ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როცა მე საპატრიარქოში ვიყავი, იცის მან, რაზეც ვისაუბრე იქ, მე ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში მათთან. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან” – ამბობს გამყრელიძე. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ფიქრობს, რომ ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე “ტონს არ იცავენ”.

“ჭკუა აქვს იმ ადამიანს, რომელიც იძახის, რომ აღდგომას [ეკლესიაში] არ მიხვიდეთო? ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ მე, სხვა ექიმებზე არაფერი მაქვს, გულიანი ადამიანები არიან ისინი და სხვანაირად იქცევიან, მაგრამ ამათი საქციელი ხო, მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ იმიტომ, რომ ღირსება შერჩეთ,”- თქვა ეპისკოპოსმა.

პანდეემის, ახალი კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საპატრიარქო ამ დრომდე აგრძელებს ტაძრებში წირვა-ლოცვის გაგრძელებას და მრევლის ერთი კოვზით ზიარებას.

15 აპრილს ცნობილი გახდა, თუ როგორ აპირებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას – მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე შეიკრიბება და იქაურობას დილის 06:00 საათამდე არ დატოვებს. მთავრობა ამას საპატრიარქოსთან “შეთანხმებას” უწოდებს.

ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, დარჩნენ სახლში, თუკი არ სურთ, რომ საქართველოში იტალიის სცენარი განმეორდეს და “კუბოების თვლას ვერ ავუდიოდეთ”.

მთავარი პრობლემა ჯანდაცვის სექტორის ადამიანური რესურსია – მხოლოდ 488 რეანიმატოლოგისა და 258 ინფექციონისტის სისტემა, ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, მაქსიმუმ 1 200 ადამიანის მოვლას შეძლებს. 9 მაისისთვის კი, აღდგომიდან ორ კვირაში, ჯანდაცვის სისტემა მინიმუმ 2 000 და მაქსიმუმ 4 000 ინფიცირებულს ელოდება.

Share.