21 მაისს თბილისში, მოკლული ახალგაზრდა ქალის, 31 წლის სოფო კვარაცხელიას ცხედარი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ზუგდიდში მამისეულ სახლში გადაასვენეს.
მკვლელობის დროს ავტობუსში სოფო კვარაცხელიას და სალომე კვარაცხელია, შვილთან ერთად და ასევე გარდაცვლილი ქალის ორი შვილიც იმყოფებოდა.
„სოფოს და, სალომე და დედა, ხათუნა ნაჭყებია იმყოფებოდნენ თბილისში, ექიმთან წაუყვანიათ სალომეს შვილი. სალომე შეესწრო ფაქტს, წამებში მომხდარა. ბავშვები შოკში არიან. სოფოს დედამ არ იცის, რომ მისი შვილი მკვდარია, იცის რომ დაჭრილია.
ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მძიმედაა…საშინელება ტრიალებს ჩვენს ქუჩაზე. ამას ვინ იფიქრებდა, სოფო ისეთი ჭკვიანი, განათლებული, შვილების გიჟი დედა იყო“,- გვითხრა კვარაცხელიების მეზობელმა.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მამაკაცმა მეუღლე არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა.
სოფო რამდენიმე წლის წინ მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. მისი მეუღლე გალიდანაა. იგი დედისერთაა და ზუგდიდში ბიძასთან იზრდებოდა.
თბილისელი მეზობლების თქმით, მას ბოლო დროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ორჯერ სუიციდის მცდელობაც.
ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით და ნანობს. უფლებადამცველმა სულხან კომახიძემ განაცხადა, რომ მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.
„ბრალის წარდგენა ჯერ არ ყოფილა და არ გვაქვს ინფორმაცია, როდის იქნება, ამაზე პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ადვოკატმა.
შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ქალთა მკვლელობებს დღეს ზუგდიდში, თბილისსა და ბათუმში აქცია-პერფორმანსით გააპროტესტებენ.
წყარო:ambavi.club