ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში, 2007 წლის წინასწარმეტყველებაზე წერს:
„სანამ კიდევ რამეს ავუტეხთ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, უნდა დავფიქრდეთ
ინტერვიუ არქივიდან, გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №9, 2007 წლის იანვარი
— ქალბატონო ლელა, სულ ახლახან ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეკონომიკური სანქციები დაუწესა რუსეთის სამ სამრეწველო კომპანიას: „როსობორონექსპორტს“, ტულის ხელსაწყოთმშენებლობის და კოლომნის მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროებს, რომლებიც დიდი რაოდენობით იარაღს ამზადებდნენ და ყიდდნენ ირანში…
— და გაგახსენდათ 1993 წლის წინასწარმეტყველება: „რუსეთი თავის ტექნიკას ოქროზე ყიდის მუსლიმებზე; არა ბუტაფორიას, არამედ ნამდვილ იარაღს. ამერიკა კი თვალს ხუჭავს, არ უნდა რუსეთთან კონფლიქტი“.
დიახ, რუსეთი უკვე დიდი ხანია ირანისთვის იარაღის მიყიდვითაა დაკავებული და ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. წინასწარმეტყველების მიხედვით, ამერიკას ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ სანამ ვითარება უკიდურესად არ გამწვავდა, ხმა არ ამოიღო.
ხომ ხედავთ, ყველა წინასწარმეტყველება სრულდება. ტყუილად კი არ ვაკეთებ ხოლმე მინაწერს: „ასრულდება 100 პროცენტით; აი ნახავთ!“
ასე რომ, რუსეთი თავიდან ვერ აიცილებს იმას, რაც ელის — მუსლიმურ სამყაროზე გაყიდული იარაღი უკან საშინელი ძალით მიუბრუნდება.
— საქართველოსთან „გაბუტული“ რუსეთი თითქოს შერიგების პირველ ნაბიჯებს დგამს — გაწვეულ ელჩს გვიბრუნებს.
— დიახ, რუსეთი მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და შეცდომა დაუშვა. აბა, 1993 წლის 10 აგვისტოს ჩანაწერი ნახეთ, რას ვწერ: „რუსები მიხვდებიან, რა დიდი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან თამაშით. მათ მსოფლიოს წინაშე ეხდებათ ნიღაბი. მომავალში, ვხედავ, მათ არავინ ენდობა“.
ეს ასეა, მიხვდნენ, რომ ზედმეტი მოუვიდათ, მაგრამ ახლა ჩვენ გვმართებს თავის შეკავება და სიტყვისა თუ ნაბიჯის მოზომვა. საჭირო არაა ამდენი „კრემლმა უკან დაიხიას“ ძახილი. ერთხელ რომ გავაღიზიანეთ, მოვიგეთ რამე? არაფერი. პირიქით, უამრავი ცრემლი და სიმწარე ვიწვნიეთ.
ჰოდა, სანამ კიდევ რამეს ავუტეხთ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, უნდა დავფიქრდეთ!
— ქალბატონო ლელა, 2005 წლის ჩანაწერებში აფიქსირებთ, რომ ევროპაში ისევ წყალდიდობები და მიწისძვრებია მოსალოდნელი, რომ მას დიდი ზამთარი, დიდთოვლობა ელის…
— იმის ნაყოფს, რაც ადამიანებმა ჩაიდინეს მისი ბრწყინვალება ბუნების წინააღმდეგ, ახლა ასმაგად იმკიან. არ არსებობს ძალა ბუნების რისხვის შეჩერებისა. ეს ის სფეროა, რომელიც პოლიტიკოსების კაპრიზებს არ ემორჩილება. ის მხოლოდ შემოქმედის უზენაეს ნებას ექვემდებარება და ხშირად მის იარაღადაც იქცევა ხოლმე.
2005 წლის 7 ოქტომბერს ჩავწერე: „თითქმის მთელ საქართველოს ვხედავ აკაფულს, უადგილო ადგილას გადათხრილს; არცერთი ხე არ დატოვეს, არცერთი ბუჩქი, არცერთი არხი… ბუნება ჩამორეკავს ხალხს ბარში… გსურთ თუ არა ეს, პოლიტიკოსებო, უფალი სხვა გზას არ დაგიტოვებთ“.
დიახ, ამ წინასწარმეტყველებას კიდევ ერთხელ ვადასტურებ: ბუნება ჩამორეკავს ხალხს საქართველოს ბარში, მათ შორის, სამაჩაბლოში. სურთ თუ არა ეს პოლიტიკოსებს, ემთხვევა თუ არა მათ გათვლებსა და გეგმებს, იოტისოდენა მნიშვნელობა არ აქვს. უფალი ასე განსჯის და სხვა გზას არ დატოვებს!
— თქვენი კიდევ ერთი წინასწარმეტყველება ისხამს ხორცს. უკრაინაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ აშკარაა, ამ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი მართლაც გახდება იანუკოვიჩი. სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მას 2006 წლის პოლიტიკოსად მიიჩნევს და ემხრობა მის პოლიტიკას.
— რა თქმა უნდა, იანუკოვიჩი გახდება უკრაინის პრეზიდენტი; პრინციპში, უკვე არის კიდეც. იუშენკო ძალიან ავადაა და არაფერი ეშველება. ნელ-ნელა სუსტდება, პრეპარატები აღარ შველის, სახელმწიფოს ვერ მართავს — არ შეუძლია. მის ხელქვეითებს არ სჭირდებათ იუშენკოს აზროვნება. მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ ვერ გაუძლო, ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი. მოკლედ, ქაოსია.
— დიახ, იუშენკოს დაძაბუნებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მედია წერდა: ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგა „ნარინჯისფერ რევოლუციას“, უძლურ, კოჭლ იხვის ჭუკად იქცაო.
— მე კი არ ვიგონებ რამეს, ან საკუთარ წარმოსახვას კი არ „ვანსხეულებ“ ფურცელზე, არამედ წარმოვთქვამ იმას, რასაც მეუბნებიან და მანახებენ. ასე რომ, ეჭვგარეშეა, წინასწარმეტყველება ასრულდება.
— ქალბატონო ლელა, კიდევ ერთი წინასწარმეტყველება მინდა შეგახსენოთ, რადგან აქამდე უმტკივნეულო ეს საკითხი ახლა მეტად აქტუალური გახდა: ჩინელები საქართველოში! 2005 წლის 28 მაისს თქვენს ჩანაწერებში დაგიფიქსირებიათ, რომ საქართველოს მალე შეაშფოთებს ჩინელების საკითხი და ისინი, ზოგი სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან ერთად, მიდიან ჩვენი ქვეყნიდან — საქართველო სუფთავდებაო.
— არავის ეგონოს, რომ ვინმეს ჩინელების წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობისკენ მოვუწოდებ, არამც და არამც!!! მაგრამ ნამდვილად მივესალმები ჩვენი მოსახლეობის გამოფხიზლებას. ცოტა მეტი წინდახედულება უნდა გამოვიჩინოთ, როცა ქვეყანაში უცხო მიწაზე დამკვიდრებისა და გამრავლებისადმი აგრერიგად მიდრეკილ ერს ვუშვებთ. ამის მაგალითად მხოლოდ ნიუ-იორკის ერთი რაიონი „ჩაინა თაუნი“ კმარა, რომელიც ფართობით, მგონი, საქართველოს ტოლია. ჩვენ სად შეგვიძლია მათი მასპინძლობა?
კიდევ ერთი რამ: საინტერესო ის არის, რომ ჩინელები ჩვენში ვაჭრობენ იმ საქონლით, რომელიც მათ ქვეყანაში არ საღდება. აი, ეს არის კიდეც მათი წარმოდგენა ჩვენზე!
— ქალბატონო ლელა, რედაქციაში უამრავი კითხვა შემოდის საგაზეთო ანკეტით. ხშირია სრულიად სასოწარკვეთილი ადამიანების გზავნილები, რომლებიც, მათთვის სრულიად მოულოდნელად, იმედიან და სასიხარულო პასუხებს იღებენ. იცით, ზოგ მათგანს ისე აქვს ყველაფრის იმედი გადაწურული, რომ იკითხეს კიდეც, ხომ არ გვილამაზებს პასუხს ქალბატონი ლელა, ხომ არ გვამშვიდებს, რომ გული არ გაგვისკდესო.
— არა, ჩემო ძვირფასებო, ტყუილ-უბრალოდ არავის გამშვიდებთ. ყველაფერი ისე იქნება, როგორ პასუხებსაც იღებთ. თუ ჩემი სიტყვები თქვენთვის საიმედოა და სასიხარულო, იცოდეთ, რომ მართლაც გაიხარებთ, ხოლო თუ არა — ვერას გავაწყობ, ეს ჩემი ნება არ არის.
რაც შეეხება „პასუხის შელამაზებას“, უბრალოდ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტად დელიკატურად და უმტკივნეულოდ მივაწოდო ადამიანებს მძიმე ინფორმაცია. მეტი არაფერი…
თუმცა, ერთხელ იყო შემთხვევა, როცა ერთ ჟურნალში დავწერე ისეთი რამ, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ჩემი და ჯაბა იოსელიანის საერთო მეგობარმა მითხრა, ჯაბა ძალიან მძიმე განცდებშია, ცუდადაა და რაღაცნაირად დათრგუნულია; შენი ძალიან სჯერა და იქნებ რამე ისეთი დაწერო მასზე, რომ ცოტა გამხნევდესო. ვიცოდი, რომ ჩემი სიტყვები მართლაც დიდ სულიერ შვებას მოუტანდა ჯაბას და ამიტომ წავედი ასეთ ნაბიჯზე — ჟურნალში დავწერეთ მასზე, რომ ყველაფერი კარგად ექნებოდა და კიდევ მოვიდოდა პარლამენტში. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როცა ვთქვი ის, რაც არ მოხდებოდა, რაც ამ ადამიანს ბედისწერით არ ეწერა.
მოგვიანებით ჩემს წიგნში „მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ“, ეს ცრუ ხედვა არ შევიდა; მასში დაიბეჭდა ის, რაც სინამდვილეში ელოდა „მხედრიონის“ ლიდერს და ამით „გამოვისყიდე დანაშაული“.
— დაბოლოს: ჩვენში ძალიან გახშირდა სხვადასხვა სახის ქონების ჩამორთმევის ფაქტები. დაზარალებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ქონება არაკანონიერად ჩამოერთვათ. თუ ეს მართლაც ასეა, იპოვნიან ისინი სამართალს ოდესმე?
— მომავალში ყველა, ვისაც მართლაც უკანონოდ ჩამოერთვა საკუთრება, აუცილებლად დაიბრუნებს ქონებას; მაგრამ ისინი, ვინც მიზერულ ფასად, კუპონებზე (თუნდაც, მილიონ კუპონად) შეიძინა უზარმაზარი შენობები და საწარმოები, საბოლოოდ უნდა შეეგუონ მათ დაკარგვას.