სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებს

0

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი გაეცნო ყველა მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას: იუსტიციის მინისტრისგან, სახალხო დამცველის აპარატის და მასთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისგან.

„პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები. ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა.

ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მას „ვივამედიში“ გადაყვანას შესთავაზებენ. მოგვიანებით სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანას დათანხმდა.

Share.