ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 19 წლის ბიჭი რამდენიმე ბავშვს და სკოლის მასწავლებელს დანით დაესხა თავს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა.
შემთხვევა დღეს დილით ზაგრების პრეჩკოს რაიონის დაწყებით სკოლაში მოხდა.
პოლიციის ცნობით, 19 წლის თავდამსხმელმა დანით ხუთი მოსწავლე და პირველი კლასის მასწავლებელი დაჭრა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
თავდასხმის შედეგად დაშავებული შვიდი წლის გოგონა მოგვიანებით მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ტრაგედიის ფონზე ზაგრების ზოგიერთ სკოლაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.
ხორვატიის მთავრობამ მომხდარის გამო 21 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
წყარო:geonews.site