საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სიმსივნით გარდაცვლილი ახალგაზრდას შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. კეკელიძე ქვეყანაში მომაკვდინებელი სინით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ საჭირო თანხების დროულად გამოყოფის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
მისი თქმით, უნდა დადგეს დრო და საქართველომ თითქმის ეპიდემიად ქცეული სენის სამკურნალოდ კლინიკა ააშენოს.
„ღამით მარიამი გარდაიცვალა. აი, ასე – გოგონა დიდი ოცნებებით. გარდაიცვალა. ისე ცუდად ვარ, მართლა მაკანკალებს – ცალკე ტკივილისგან და ცალკე ბრაზისგან. თუმცა მოვიკრებ ძალას და შეძლებისდაგვარად ცხადად დავწერ. გუშინ რაღაც საქმის გამო ბახმაროსკენ მივდიოდი. გზად დამაწიეს ცნობა, რომლის მსგავსსაც მგონი ყოველდღე ვიღებ – მარიამ ბარდაველიძეს, ახალგაზრდა გოგონას, მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. ბევრმა მომწერა, მათ შორის დედამისმაც. უბედურმა დედამისმა. ვნახე მისი ძველი მონაწერიც – მეუღლე გარდაცვლია პანკრიასის სიმსივნით და ურთულეს პირობებს უმკლავდებოდა ორი სტუდენტი შვილით. ერთი მარიამი იყო. სასწრაფოდ ჩავწერე ვიდეო და გავავრცელეთ მარიამის დასახმარებლად. ეს რას იზამდა, ეს საცოდავი ცდა, მაგრამ მაინც. მას შემდეგ, რაც მამაჩემი ამ სენს შეეწირა, ვცდილობ, ყველას გვერდით დავუდგე – აქ ნაკლებ გაწუხებთ ხოლმე ამ მიზეზით, იმდენად ხშირია და დაუსრულებელი. მხოლოდ თერჯოლიდან ბარემ ათამდე მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი მე მახსოვს და უმეტესწილად გავიმარჯვეთ. ოღონდ გავიმარჯვეთ სასწრაფოდ ან თურქეთში, ან ავსტრიაში, ან გერმანიაში გაქცევით. აქ ვერ ვუმკლავდებით ამ ამბავს ან ძნელად ვუმკლავდებით. დიაგნოზსაც ზოგჯერ არასწორად ვსვამთ. არიან ექიმები ან სწორი მართვა ან იმის თქმა რომ შეუძლიათ – ჩვენ ვერ შევძლებთ, გადაიყვანეთ. ასეთი ექიმი ბევრი არ არის. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, არაერთი კითხვა დამებადა. ხმა არ ამომიღია, ჩემში ჩავკალი ყველაფერი, მერე რომ არ ეთქვათ ის, რაც იოლი სათქმელია: – „ჭირისუფალია და სუბიექტურია ანაც საკუთარ პოპულარობას და გავლენას იყენებს.“ და სხვანი. ხმა არ ამოვიღე და ეს ტკივილი დღემდე საწამლავივით პირში დაგუბებული, ჩემში წვეთავს და მწამლავს. მოვიკრებ ძალას და კონკრეტული ადამიანებისკენ და კლინიკებისკენ გაშვერილ ხელს ახლაც დაბლა დავწევ. დავწევ იმ მიზეზითაც, რომ სხვა ჭირისუფლების ნებართვა არ მაქვს, თუმცა მაქვს უამრავი კითხვა, მათგან დასმული და გადამოწმებული. დავწევ იმიტომაც, რომ ეს საერთო პრობლემაა და მაინცდამიანც ერთ საავადმყოფოს არ უკავშირდება. უნდა დადგეს დრო და ჩვენმა ქვეყანამ ააშენოს პატარა კლინიკა ამ ლამის ეპიდემიად ქცეული სენის სამკურნალოდ. ასე არ გამოვა. არ არსებობს კონკრეტული გაიდლაინი ინდივიდუალური ინტერპრეტაციების გარეშე. არ შეიძლება ყველაფრის ერთნაირად ჭრა და კერვა. ადამიანებზე ისე ლაპარაკი, თითქოს უვარგისი თოჯინა იყოს. რამდენ მშობელს მივყევი, სხვადახვა კლინიკაში, რომელსაც ცივი ფრაზები დაახვედრეს: „ქალბატონო, ჩვენ წესი რაც იყო, ყველაფერი გავაკეთეთ“ „ქალბატონო, მოულოდნელად დამძიმდა“ „ქალბატონო, იცის ასე ამან გართულებები და ჩვენ რა ვქნათ“. „ქალბატონო, და ხომ ვერ მეტყვით, ჩვენ რა შეგვიძლია?“ – ეს პაციენტებთან და მათ ნათესავებთან უხეში ურთიერთობა ცალკე სენია და სხვა საკითხი.
შეიძლება მე ვცდები, მე ვარ სუბიექტური და თვალდაბინდული, შეიძლება ყველაფერი ბრწყინვალედაა ჩვენებურ ონკო-მედიცინაში და აჰა, ამიტომაც ვიკრებ ძალას და ამას ვწერ – თქვენ მითხარით, თქვენ ამიხილეთ თვალი!
წუხელ ღამით დამირეკა ბოლოს დედამისმა, მეხვეწებოდა, ეგებ ვინმეს იცნობ, რეანიმაციაში რომ მოიკითხოსო, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანესო, ხომ გადარჩებაო? რას ვეტყოდი, გადარჩება – მეთქი. მასე ბევრი იყო და დაძლიეს – მეთქი. ეგ ჩვეულებრივი ამბავია – მეთქი. მეც, აი უყურეთ, ყველაფერს ვიზამ – მეთქი. მეთქი. მეთქი. მეთქი. რა ვქენი? ვერაფერი. რას ვიზამდი? ვერაფერს“ – წერს კეკელიძე.
მარიამის ოჯახს ჩვენც მივხედავთ. ჩვენი ფონდი დაეხმარება. აი, ამ დიდ და მოურჩენელ სირთულეს კი ერთად მივხედოთ. ვისაც დაგჭირდებით და როგორც, მიმსახურეთ“, – წერს გიორგი კეკელიძე.