ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. კონფლიქტი, რომელსაც 39 წლის ბაჩო ბაშარულისა და 40 წლის ნიკა არჩვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაბადების დღეზე დაიწყო. როგორც მოკლული ნიკოლოზ არჩვაძის ახლობელი აცხადებს, არჩვაძე თბილისში სტუმრად იმყოფებოდა.
„თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში ცხოვრობდა. თბილისში სტუმრად იმყოფებოდა. ზუსტად რა მოხდა,
არ ვიცით. ვიცი, რომ დაბადების დღეზე იყვნენ ერთად, მერე ნიკო დარჩა ბაჩოსთან სახლში. ამბობენ, დაბადების დღეზე მოხდა ჩხუბიო, გამთენიისას მისულა მკვლელი და მოუკლავს ორივე“, – აცხადებს მოკლულის ოჯახის ახლობელი.
შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.