საქართველოვ! მანდ, შენთან 7 წლის წინ სამი შვილი თვალცრემლიანი დავტოვე და აქ კი სხვის შვილებს ვზრდი…

0

ერთ-ერთი ემიგრანტი ქალბატონი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; მე ის ქართველი ვარ ვინც ქართულად შენს მიწაზე ისწავლა “აი ია”; მე შენს მიწაზე ქალბატონად დაბადებული ქართველი ქალი ვარ, დედა და შვილი;

-ახლა სხვის მიწაზე სხვისი შვილების გამზრდელი ძიძა მქვია. იცი საქართველოვ?! მანდ, შენთან 7 წლის წინ სამი შვილი თვალცრემლიანი დავტოვე და აქ სხვის შვილებს ვზრდი… მე სხვის შვილებს ვეუბნები დილამშვიდობისას. უმცროსი შვილი 4 წლის დავტოვე, ახლა უკვე 11 წლისაა, ერთხელ ვკითხე:

-გახსოვარ დედი?

-არა… მე მხოლოდ შენი წასვლა მახსოვსო – მითხრა. იცი ეს რას ნიშნავს საქართველოვ? იმას, რომ შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს და იციან, რომ მალე დაუბრუნდებათ ის… ეს მალე არ გადის, წლებს წლები ემატება, თვეებს – თვეები და მე აქ, სხვის მიწაზე ჭაღარა მემატება.

ჩემო საქართველოვ, ვინ მოგცა შვილი სხვა მიწაზე დასაკარგი? რა დაგიტოვე და რას მახვედრებ? სევდა დაგიტოვე, სამი პატარა სევდა და ეხლა უკვე დიდად გაზრდილები, კიდევ სევდიანები დააბიჯებენ შენს მიწაზე…

ჩემო საქართველოვ! რატომ დადის ჩემს მიწაზე ამდენი ძაძებით შემოსილი ქართველი ქალი?
დაიღალე სამშობლოვ ჩემო? არარაობების ბოგინით არა? მეც დავიღალე, სხვის მიწაზე მოსამსახურე რომ მქვია… შვილები მენატრება, შენი სუნი მენატრება ჩემო მიწავ… იცი?! აქ ისე არ ამოდის მზე როგორც მაქ. არც ისეთი ლამაზია დილა როგორც ჩემს მიწაზე… გამარჯობა საქართველო, ბევრი მაქვს მოსაყოლი და უბრალოდ მომისმინე, მე შენი მიწიდან იძულებით წასული ერთი ემიგრანტი ვარ, რომელსაც ძალიან ენატრები!!! ”

Share.