არასოდეს დამიწერია არაფერი, სხვის წასაკითხად. თუმცა მას მერე, რაც თქვენი საიტი ვნახე, რაღაც მასალებს გადავხედე და ისიც აღმოვაჩინე, რომ შეიძლება, სხვებმაც გაგიზიარონ თავიანთი გამოცდილება თუ აზრები, გამოჩნდა სურვილი, ჩემი ამბავი დამეწერა და სხვებსაც წაეკითხათ. ყველა მშობელს, ვისაც საკუთარი შვილის ბედი აღელვებს.ადრე გავთხოვდი. მიყვარდა… ან მეგონა, რომ მიყვარდა, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ანის დაბადებიდან ორი წელიც არ გვიცხოვრია ერთად – მან სხვა ქალი გაიჩინა და იოლად დამტოვა. მეც თითქოს იოლად შევეგუე ამ ამბავს და ალბათ იმავე ახალგაზრდობის გამო, არც ოჯახის დანგრევის შედეგებზე მიფიქრია ბევრი. არ მიბრძოლია ქმრის დასაბრუნებლად, ოჯახის შესანარჩუნებლად.
როგორც კი მარტო დავრჩი, ასევე იოლად გადავწყვიტე, რომ სამუშაოდ საბერძნეთში წავსულიყავი, მეგობართან. დაქალებიც მიჩიჩინებდნენ – წადი, გულსაც გადააყოლებ, იქნებ პირადი ცხოვრებაც აიწყოო და ა.შ. ჩემი სამი წლის ანი დედას დავუტოვე – მანაც მირჩია, შვილის მომავლისთვისაც ასე აჯობებს, მე რაღას ვაკეთებ, ბავშვს გაგიზრდიო. გარშემო ჩემნაირი იმდენი იყო, ყველამ იოლად აღიქვა ეს სინამდვილეში უსაშინლესი ფაქტი – დედა მიდის და პაწაწინა ბავშვს ტოვებს… ახლა ვფიქრობ მხოლოდ, რომ ეს მართლა საშინელებაა. ვერანაირი ფული და მატერიალური უზრუნველყოფა ვერ შეუცვლის ბავშვს ყველაზე მთავარს, რასაც დედის სითბო ჰქვია და ვერ შეუვსებს ამ დანაკლისს…
თითქმის წელიწად-ნახევარი ვიყავი წასული. პირადი ცხოვრება არ ამიწყვია, ფული დავაგროვე, პატარა ბინა ვიყიდე და გავაქირავე – მუდმივი შემოსავლისთვის. მერე ბავშვი ძალიან მომენატრა, იქაურ გარემოსაც ადვილად ვერ შევეგუე და დავბრუნდი.
როგორც დედა მარწმუნებდა, ბავშვი არ დარდობდა, მშვენივრად გაჩერდა ბებიასთან და არც გამოხატავდა არაფერს. თუმცა… სინამდვილეში სხვაგვარად ყოფილა – არ გამოხატავდა, მაგრამ ძალიან დარდობდა, ჩუმად, გულში. მერე და მერე, როცა საზარელი პრობლემა დაგვატყდა თავს, გაიხსენა დედაჩემმა, რომ 3-4 წლის ანი ხშირად ჯდებოდა ფანჯარასთან და მოწყენილი გასცქეროდა შორეთს. რომ ჰკითხავდა ბებო, რას აკეთებო, პასუხობდა: დედას ველოდებიო…
ახლაც მეტირება, ამას რომ ვწერ. თბილისში დაბრუნებიდან სულ მალე, რამდენიმე თვეში ანი ცუდად გახდა – მოულოდნელად გონება დაკარგა. გვეგონა, კრუნჩხვა დაემართა… სასწრაფომ ბავშვთა საავადმყოფოში გადაგვიყვანა, იქ კი აღმოაჩინეს, რომ ჩემს შვილს დიაბეტი გასჩენოდა – სტრესებისა და ემოციების ფონზე. თან ისეთი ფორმა, რომელსაც არასდროს არაფერი ეშველება… აბსოლუტურად დაუმორჩილებელი და უმართავი ფორმის დაავადება შეეყარა, ხან ზევით უვარდება შაქრის დონე, ხან – ქვემოთ, ხან მხედველობა უსუსტდება, ხან წნევები აწუხებს ამ პატარას – ახლა 11 წლის არის… მუდმივი წამლების, ნემსების, ექიმების გარემოში ვცხოვრობთ, ისიც, მეც და ბებოც… მინდა სხვა დედებსაც ვუთხრა, მეტი იფიქრონ საკუთარ გადაწყვეტილებებზე. ხშირად, ბავშვის მომავალზე ფიქრში მისი აწმყო გვავიწყდება, გვავიწყდება, რომ მას ყველაზე მეტად დედისა და მამის სითბო უნდა, მეტს არაფერს ითხოვს. ეს თუ არ აქვს, არც ფუფუნება უნდა და არც უზრუნველყოფა… არც ჯანმრთელობა…
ნინო ლ. 30 წლის
ფოტო აღებული პირობითად:
წყარო: genews.ge