მკვლელობა გურჯაანში. 89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. შემთხვევა სოფელ ვეჯინში მოხდა. მოკლულია მეხანძრე-მაშველი ბექა ჯანიაშვილი. ადგილობრივების ინფორმაციით, პენსიონერ მეზობელს და ჯანიაშვილს კონფლიქტი წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდა.
შემთხვევამდეც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება სწორედ ამ მიზეზით მოხდა.
“სროლის ხმა გავიგე, ვაიმე, შვილო ბექა, ხომ არ გესროლა – მეთქი, გავიქეცი და უკვე უკონტაქტო იყო, სულ სისხლიანი იყო, პულსი უკვე არ ესინჯებოდა. მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა… სახელმწიფო ტერიტორია იყო, საერთო გზა გადიოდა ჩვენს ნაკვეთებს შორის. რა მეშველება მეორე შვილი დავკარგე”, – განაცხადა მოკლულის მამამ.
გარდაცვლილის მეზობელი მომხდარის შესახებ ჰყვება:
“ტერიტორიაზე ჰქონდათ დავა, ნუ დადიხარ, აქ ჩემი ტერიტორიააო. ბექას დიდი მანქანა ჰქონდა, შემოდიოდა ხოლმე და თივას დებდა იმ ადგილას, რომელზეც მეზობელი ეუბნებოდა, რომ ჩემი ტერიტორიააო. ბოლოს გაუბა ღობე, რათა არ გადასულიყო იქეთ მხარეს. მოვიდა ბექა და ღობის გახსნას აპირებდა, რომ გასულიყო და თივები დაელაგებინა. ეს კაცი ჩასაფრებული ყოფილა. ამოიღო თოფი და ესროლა. ბექამ ცოტა მანძილი ფეხით გაიარა თავისი სახლისკენ და შემდეგ გონება დაკარგა. მამამისსაც გაუგონია სროლის ხმა და გამოსულა გარეთ ამ ხმაზე. მკვლელს მიმალვა არ უცდია. თოფით იდგა ჭიშკართანო.” – აცხადებს მეზობელი.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.