“ფსიქოპათიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით… თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით, სწამს არსებობა ზეციური არსისა, ღმერთისა, ანგელოზებისა. საუბრისას ძირითადი ღერძი ყოველთვის იქითკენაა მიმართული, რომ ღმერთის წყალობითაა ყველაფერი. განყოფილებაში განმარტოვებულია, თუკი ვინმე გამოელაპარაკება, უსათუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზებს, ხატებს“, – ეს დიაგნოზი ბერის ავადმყოფობის ისტორიიდან, რომელიც გაცემულია 1966 წლის 19 იანვარს. სრულიად გასაგებია, რომ ათეისტური მთავრობის დროს, ღვთისმსხური ავადმყოფად შეერაცხათ. თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიაო, სწორედ ამ შემთხვევაზე იტყვიან. ამ დასკვნამ, ბერი დახვრეტისაგან იხსნა, რომელიც 24 საათში უნდა დაესაჯათ, ლენინის სურათის დაწვის გამო.
ბავშვობაში მას გოდერძი ერქვა და გვარად ურგებაძე იყო. თანატოლებთან თამაშის ნაცვლად, ქვებისაგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგნით ასანთის ღერებს ანთებდა. ამბობენ, სკოლაში სწავლით არ გამოირჩეოდა, ოთხშაბათს და პარასკევს კი მუცელს იტკივებდა, რათა მარხვა შეენახაო. ქრისტეს სახელი პირველად შვიდი წლის ასაკში გაუგია. შემთხვევით მეზობლის კამათს შესწრებია. თურმე ერთს მეორესთვის უთქვამს:
– ქრისტესავით ჯვარს მაცვიო. პატარა გოდერძის უკითხავს, – ქრისტე ვინ იყოო? – ეგ თუ გაინტერესებს, ეკლესიაში წადი და იქ გაიგებო…
მერე ყველასაგან მალულად, 70 მანეთი შეუგროვებია და “ქრისტეს ისტორიის“ შესაძენად ნავთლუღის ბაზრობაზე წასულა. ბევრი უვლია, მაგრამ წიგნი ვერსად უპოვია. გულდაწყვეტილს შინ დაბრუნება განუზრახავს, რომ გზაზე თეთრწვერა მოხუცი გამოლაპარაკებია და მისგან სანატრელი წიგნიც შეუძენია. ბაზრობას რომ გამოსცდენია, წიგნისთვის დაუხედავს და მასზე “სახარება“ ამოუკითხავს. უფიქრია, ეს ის წიგნი არ არისო, მაგრამ უკან დაბრუნებულს იქ, სადაც თეთრწვერა მოხუცი ეგულებოდა, ყველა ვაჭარი ერთსა და იმავეს უმეორებდა, რომ აქ დღეს მოხუცი კაცი საერთოდ არ მდგარაო. ეს ალბათ მის ცხოვრებაში მომხდარი პირველი სასწაული იყო…
წლების შემდეგ კი საკუთარ ეზოში ნამდვილი ეკლესია ააშენა. განიცადა დევნა, შევიწროება, მაგრამ ქრისტეს გზიდან არასოდეს გადაუხვევია. ის პირველი სასულიერო პირი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელიც ბერად აღიკვეცა, საეკლესიო სახელით – ბერი გაბრიელი. სასწაული მის ცხოვრებაშიც მრავლად იყო და გარდაცვალების შემდეგაც. მასზე ბევრს და საოცრებებს ჰყვებიან. ბევრი მის ახლობლობას იჩემებს, ძალიან ბევრს კი სურს, რომ მისი სასწაულის მხილველი და თანაზიარი იყოს. თავად კი უბრალოდ ცხოვრობდა, ყოველგვარი ანგარების გარეშე, თავისი სულის ნაწილსა და სითბოს ბავშვივით უშურველად არიგებდა. როცა ზეციურ საქართველოს შეუერთდა, წმინდანად შერაცხეს და მის მიერ ჩადენილ სასწაულებზე ალაპარაკდნენ.
ამ ყველაფერზე სრულყოფილად საუბარი ერთ სტატიაში შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ შევხვდით ადამიანს, რომელიც მამა გაბრიელთან წლების განმავლობაში ურთიერთობდა. წმინდანის შესახებ მისი მეზობელი, მსახიობი დავით მამაცაშვილი მოგვითხრობს.
ბატონო დავით, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მამა გაბრიელი თქვენი მეზობელი იყო?
– დიახ. ყველა ძალიან უყვარდა და სულ გვლოცავდა. მახსოვს, როგორ შემოდიოდა ჩვენს ეზოში, ჩემი მამა და ბიძები განსაკუთრებულად უყვარდა. ასეთი თბილი ადამიანი ჯერ არსად შემხვედრია. მისი გულიდან, საოცარი სიყვარული მოდიოდა. მახსოვს, ლენინის სურათი, რომ დაწვა, სულ იმას ამბობდა, ხომ მოვუღე ეშმაკს ბოლოო. ჩვენს თავზე ცხოვრობდა მისი ნათესავი და იქიდან რომ გამოდიოდა, მაშინვე ჩემებთან შემოივლიდა. ჩვენ მამაცაშვილები ვართ და სიყვარულით “მამაც“ ხალხს გვეძახდა.
– მკაცრი იყო ურთიერთობაში?
-კი, თან ძალიან. მითუმეტეს როცა საქმე რწმენას შეეხებოდა. მასზე ნაწყენი მეზობლებიც კი შემხვედრია, – ეს რანაირი მამაოაო. მაგრამ იგივე ადამიანები მეორე დღეს ჩახუტებულები დამინახავს მასთან, რადგან მიხვდნენ, რატომ უბრაზდებოდა მოძღვარი. ბავშვობაში ძალიან მეშინოდა მისი (იცინის), იმიტომ, რომ იძახდნენ, ლოთიაო და ერთხელაც ვხედავ მოდის ჩვენსკენ, გიჟივით გავიქეცი და სახლში შევარდი, შევძვერი საწოლის ქვეშ და ცოტა ხანში მესმის ხმა: – გამოდი, გამოდი, ჩემი ნუ გეშინია.. თავი რომ გავყევი გარეთ, ისე თბილად მიყურებდა და მიღიმოდა, იმ წამსვე გამოვძვერი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე გულში. მისი გულის სითბო, დღემდე მომყვება…
– თუ არ ვცდები, მასთან დაკავშირებული ერთი უცნაური ამბავი ბავშვობაში გადაგხდათ თავს…
– ბავშვობაში ფეხბურთზე დავდიოდი. მაშინ ბუცები იყიდებოდა, რომელსაც ბრაიტნერები ერქვა და საკმაოდ ძვირიც ღირდა. ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახი გვქონდა, ამიტომ იმ ბუცებზე არც ოჯახში და არც მეგობრებში არაფერი მითქვამს. სურვილს გულში ვიკლავდი. ერთ დღესაც, სახლიდან გამოვდივარ და ბერი გაბრიელი მხვდება. მომესალმა, გულში ჩამიკრა და მთხოვა, ერთ ადგილას წამომყევიო. მიმიყვანა სპორტულ მაღაზიაში და მიყიდა ზუსტად ის ბუცები, რომელიც ასე ძალიან მინდოდა. მე მადლობა გადავუხადე და მაშინ ვერ მივხვდი, რომ ეს სასწაული იყო. აბა, საიდან გაიგო, მე რა მინდოდა, მით უმეტეს, რომ არავისათვის მითქვამს და როცა სახლში ვბრუნდებოდით, მან ქუჩაში გამაჩერა და მითხრა: “იფხიზლეთ, ახლოა სასუფეველი, თქვენ ის თაობა ხართ, რომელიც მეორედ მოსვლას მოესწრებაო“! მისი ეს ხმა თითქოს ახლაც ჩამესმის…
– მის სალოსობას მაშინ ძალიან უცნაურად უყურებდნენ…
– მე შევსწრებივარ მის უცნაურობებს. ნავთლუღის ბაზარში მივდიოდი. იქ დავინახე მამა გაბრიელიც. ის პერიოდია, ძალიან რომ ცხელა, შუა ივლისი. ახალგაზრდები ბაზრის შესასვლელთან იდგნენ და სვამდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: – ეკლესიაში მითხრეს, რომ მე ღრმად მორწმუნე ვარო… და დაიწყო ტრაბახი. მამა გაბრიელს ჰქონდა საოცარი სმენა. გაიგონა ამ ბიჭის ნათქვამი, და წავიდა იქვე დახლთან დადებულ საზამთროებთან, სადაც წურწურით ჩამოდიოდა წვენი და იდგა დიდი ტბა. უცებ მამაო მივიდა იქ, ჩაწვა და ხმამაღლა დაუძახა იმ ბიჭს: – მოდი, ჩემთან, დაიჩოქე და აქედან ვცეთ თაყვანი ღმერთსო… ბიჭი, რა თქმა უნდა, არ მივიდა. ამის შემდეგ ხმამაღლა დაიწყო მამაომ ქადაგება იოტისოდენა რწმენაზე… გარშემო ყველა სახტად დარჩენილი ვუყურებდით ამ სცენას.
დღეს, უბანში, შემორჩენილი მეზობლები იძახიან, რომ მამა გაბრიელს სმა უყვარდაო. აი მე კიდევ დარწმუნებით გეუბნებით, რომ არა! ეს ასე არ არის. ის სალოსობდა და ამას ბევრი ვერ იგებდა.
– ერთხელ, თურმე ხილულ სასწაულსაც შეესწარით…
– დიახ. დედა საავადმყოფოში იწვა და მთხოვა, წადი და ბერი გაბრიელის ზეთი მომიტანეო. რა თქმა უნდა, მივუტანე. ისიც ყოველ საღამოს ძილის წინ, ზეთს შუბლზე იცხებდა ხოლმე. რამდენიმე დღეში დედა გარდაიცვალა. როცა ეზოში მოვასვენეთ, გარეთ მეზობლები იდგნენ და გვეხმარებოდნენ. მაგიდაზე ერთ-ერთ ჯამში ბევრი სტაფილო იდო. საღამოს კი, გარეთ ვყვებოდი, როგორ გაუვარდა დედას ხელიდან ზეთი და დაიღვარა. დედა ამას ძალიან განიცდიდა მეთქი. იქვე ერთი კაცი იდგა, უცებ მომიტრიალდა და მეუბნება, – კარგით რა, თქვენ გჯერათ მამა გაბრიელისო? ეს სიტყვები არ ჰქონდა დამთავრებული, რომ სტაფილოები ჰაერში ავარდა და აქეთ-იქით ცვენა დაიწყეს. ხალხი გაოგნდა, ზოგიც ყვირილით გაიქცა.. რაც შეეხება იმ კაცს, იმ დღის შემდეგ ის ჩვენს უბანში ერთ-ერთ ყველაზე ღრმა მორწმუნედ მიიჩნეოდა და გამუდმებით ამბობდა, – უფალი მართლა არსებობსო.
– ბოლო პერიოდში, როგორც ვიცი, ხშირად ლაპარაკობდა მეორედ მოსვლის შესახებ…
– დიახ, ამბობდა:
“ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით. იგი კარზე კი არ აკაკუნებს, არამედ მის შემოგლეჯას ლამობს. ცალ-ცალკე ნუ ივლით, ერთად იარეთ, რომ ბოროტებამ არ გადაგჩეხოთ. ლოცვა მთებს ძრავს.. დაიმახსროვეთ, ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ატყდება ზარების რეკვა. ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ეს ყველაფერი ტელევიზიით იქნება გადმოცემული. ეს იქნება ღვთის უდიდესი წყალობა და გადარჩენილი სულები აქ ჩამოვლენ საქართველოში. საქართველოში გაცხადდება ღვთის დიდი სასწაული”.
გოდერძი ურგებაძე, ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სასულიერო პირი იყო, რომელიც საეკლესიო სახელით – ბერი გაბრიელი ბერად აღიკვეცა და საკუთარ ეზოში ეკლესია ააშენა. ის 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა, სწორედ ეს თარიღია მისი ხსენების დღე. 2012 წლის 20 დეკემბერს, წმინდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა.
წყარო:ntv.com.ge