პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ იოანე კაზაიანს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმე ეხება გასული წლის 26 სექტემბერს, ბოლნისში მომხდარ საზარელ შემთხვევას.40 წლამდე ასაკის მამაკაცმა შელაპარაკების ნიადაგზე დანით ჯერ მეუღლე, ნაზი ამბარცუმიანი მოკლა, შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ამ შემზარავ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ბავშვი ცდილობდა მოჩხუბარი მამის გაჩერებას, რა დროსაც მან დაზიანება ფეხის არეში მიიღო.
“რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბოლნისში მომხდარი, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 26 სექტემბერს, ბოლნისში, ბრალდებულმა ეჭვიანობის და შურისძიების ნადაგზე მეუღლეს არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება 11პრიმა,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა” – ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო: geonewest.com