“ბიჭი გოგონასთან ერთად მოსულა დედასთან სტუმრად და იქ დატრიალდა უბედურება..” – რამდენწლიანი ციხე ემუქრება მინისტრის მოადგილის ქალიშვილს?

0

აჭარის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის შვილის დაკავების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თამარ გუდავამ , რომლის 20 წლის შვილსაც გამოძიება ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ედავება, თანამდებობა 5 მარტს დატოვა. გამოძიების ინფორმაციით კი, ამოღებულია აკრძალული ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მეგობართან ერთად ნარკოტიკები თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში ე.წ. ლოკაციაზე დადო, ფოტოები მყიდველს გადაუგზავნა, რის შემდეგაც მოვლენები დრამატულად განვითარდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით მეგობრებმა ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს, რასაც ერთ-ერთი მათგანის, 22 წლის არჩილ ბარგამელიძის სიცოცხლე შეეწირა – სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად. მაღაჩინოსნის შვილი, 20 წლის ანა გუდავა კი მძიმე მუხლით არის დაკავებული, მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 14 წლით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გარდაცვლილი ბიჭის მეზობლები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, რომ სავარაუდოდ, ახალგაზრდებმა ნარკოტიკული ნივთიერება იმ დროს მიიღეს, როდესაც ბიჭის დედა სახლში არ იყო. 22 წლის არჩილ ბარგამელიძეს მამა გარდაცვლილი ჰყავს. ერთი და საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეორე კი ბათუმშია გათხოვილი. მათი თქმით, ბიჭიც ბოლო დროს ბათუმში მუშაობდა.

„ძალიან კარგი ბიჭი და ოჯახია. ცოდვით ვიწვებით, არ ვიცით რა ვთქვათ. არავინ იცის რა მოხდა. ამბობენ რაღაცა მიიღეს და ბიჭი ზედოზირებით მოკვდა. ბათუმში წავიდა და იქ მუშაობდა. უკარგესი მშრომელი ბავშვი იყო. იქ რა წრეში მოხვდა, ვინ გაიცნო, ვისთან მეგობრობა აბა ვინ რა იცის. ეს უბედურება კი მოხდა. გოგოსთან ერთად მოსულა დედასთან სტუმრად. დედა ალბათ სადმე იყო გასული და რაღაცა მიუღიათ. ამბობენ, რომ ცუდად გახმდარა, გოგონა ცდილობდა თავად მის გამოყვანასო. შემდეგ მეზობლებს შეატყობინა და სასწრაფოშიც დარეკეს. რამდენად მართალია არ ვიცით, მაგრამ 2 საათი ცდილობდა მის გამოყვანას მდგომარეობიდანო. ნეტა მალევე დაერეკათ სასწრაფოსთვის, იქნებ შველებოდა. გაუბედურდა დედა, საცოდაობა ტრიალებს“, – ჰყვება ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აგრძელებს ნარკოტიკებთან ბრძოლას და უკვე რამდენიმე დღეს, მთელი ქვეყნსი მასშტაბით, ნარკორელიზატორების და ე.წ. დამდებების დაკავებები მიდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და გურიაში, ბოლო პერიოდში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, 6 პირი დააკავა.

Share.