ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.
მისი განცხადებით, ცვლილებებში მთავარი ის არის, რომ 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი ეს თანხა 1200 ლარია.
განხილვების შედეგად კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი კომპენსაციის ზედა ჭერის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრის შესახებ – რამდენითაც გაიზრდება საბაზისო პენსია, იმდენით გაიზრდება როგორც 1000-ლარიანი, ასევე 1200-ლარიანი ჭერიც. ასევე გათვალისწინებული იქნება ინდექსაციის საკითხი და წოდებებიდან გამომდინარე გაიზრდება კოეფიციენტები.
კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იგი მოიცავს ასევე ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს, პარლამენტის ყოფილ წევრებს, პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს.
მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველებს სტაჟში ჩაეთვლებათ გამოტოვებული 2005-2015 წლების პერიოდი, სამსახურის სტატუსისა და სახელწოდების მიუხედავად. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეხანძრე-მაშველებს, ასევე მოქმედ თანამშრომლებს, რაც გაზრდის მათ ანაზღაურებას.
ამ საკანონმდებლო ცვლილებების ბიუჯეტი დაახლოებით 45 მილიონი ლარია. კანონი 1-ლი მაისიდან შევა ძალაში და კომპენსაციის მიმღები პირები უკვე 2 მაისიდან გაზრდილ კომპენსაციას აიღებენ.