სასტიკი მკვლელობა ლეჩხუმში. ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა. მკვლელობის მოტივი უცნობია. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ძმის მკვლელობისთვის დაკავებული პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალს სავარაუდოდ დღის განმავლობაში წარუდგენენ.
“გარდაცვლილი მკვლელობაში ბრალდებულზე უმცროსია. ნაჯახით ჰყავს მოკლული, არის ვერსია, რომ მძინარე მოკლა. ეტყობა საწოლში გათიშა, შემდეგ გადმოუგორებია კიბიდან და მერე დაუჩეხავს ნაჯახით. ვასილს სამი შვილი დარჩა. მკვლელი შეიძლება წამლებსაც არ იღებდა, ეს ვინ იცის, ვის უნდა გაეკონტროლებინა. მოკლული ძალიან კარგი პიროვნება იყო, უკონფლიქტო, არც ეს იყო აგრესიული, მაგრამ რადგან წარსული ჰქონდა ასეთი შებღალული, ყველა ცდილობდა ფრთხილად ყოფილიყო მასთან. ისე ჩვეულებრივ ცხოვრობდა სოფელში, ფიზიკურად მუშაობდა, შეშას ჩეხავდა. შეიძლება ითქვას საზოგადოებაში ადაპტირებული იყო და რატომ დაატრიალა ეს ტრაგედია არ ვიცით. ჯერ არ არის ცნობილი ისიც, რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას. ძალიან მძიმე ფაქტია მომხდარი. თვითონ უთქვამს მოვკალიო. წუხელვე მოათავსეს იზოლატორში. ორი ძმები იყვნენ, კიდევ ჰყავდათ ერთი ძმა, ისიც ტრაგიკულად დაიღუპა. 20 წელზე მეტია გასული მისი მკვლელობიდან. ის მაშინ მეზობელმა დაჭრა და დაჭრილი კლინიკაში გარდაიცვალა” – ამბობს ადგილობრივი kvirispalitra.ge-თან.
წყარო:geonewest.com