ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
”ჩვენ კულტურაში ქალის მთავარი ღირსება და მოვალეობა უსექსობაა, ოღონდ უფრო ლამაზ სახელს ეძახიან – პატიოსნება. აბა, უსექსობას ხომ არ იტყვიან?! თვითონაც ეუხერხულებათ.
მაგრამ სინამდვილეში “პატიოსნებას” მხოლოდ ერთი შინაარსი აქვს ქალის შემთხვევაში – ქალს არ უნდა ჰქონდეს სექსი საერთოდ! გამონაკლისია ქმარი, ქმართან სექსი ეპატიება, ერთი იმიტომ რომ გამრავლებაა საჭირო, მეორე იმიტომ რომ ქმრისთვის სექსზე უარის თქმა “არ შეიძლება”!
ყოველი მესამე ადამიანი ამ ქვეყანაში თვლის, რომ ქმრის მიერ ცოლისთვის სექსის იძულება გაუპატიურება არ არის. ხოლო ყოველი მეორე კაცი თვლის, რომ ქალმა წიხლები თუ არ გირტყა და მარაბდის ბრძოლა თუ არ გაგიმართა, ესე იგი გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია.
მოკლედ, მძიმე ვითარებაა და ქალებმა (და კაცებმაც) უნდა იბრძოლონ ქალების დამოუკიდებლობისთვის: ქალი თავად უნდა წყვეტდეს ვისთან და როგორი პირადი ცხოვრება ჰქონდეს, ხოლო კაცები უბრალოდ უნდა გაშორდნენ ისეთ ცოლს ან შეყვარებულს, რომელიც აღარ მოსწონთ ცემა-ტყეპის და ფემიციდის გარეშე. ამ ორ რამეს თუ ვისწავლით, ძალიან დალაგდება ურთიერთობები, გაჩნდება ერთმანეთის პირადი სივრცის პატივისცემა და შეწყდება ქალების ჩაგვრა.
ქალზე ძალადობის დიდი წილი დგას ქალის სექსუალობის აკრძალვასა და კონტროლზე. მიეცით ქალებს უფლება თავად გადაწყვიტონ საკუთარი პირადი ცხოვრება, ეს არაა ბევრი, ესაა ელემენტარული და ბაზისური უფლება ადამიანისა. და ნუ დაგვავიწყდება, რომ ქალიც ჯერ ადამიანია(!) და მერეღაა ქალი (ანუ მდედრობითი სქესისა და გენდერის მქონე)”, – წერს ბაია პატარაია.