უმძიმესი დანაშაული მოხდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, სადაც 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი სასტიკად მოკლეს – ახალგაზრდა, სკამზე დააბეს, ხელები შეუკრეს და გაგუდეს.
ამის თოაბაზე შსს-ს გავრცელებულ განცახდებაშიც არის ლაპარაკი.
“პოლიციამ შიდა ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს დაბადებული ე.მ. ამავე დანაშაულის
ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს”.
სავარაუდოდ, მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა.
“მთავარი არხის“ ინფორმაციით, მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 56 და 65 წლის ძმები მედოშვილები დააკავეს.
შემზარავი დანაშაული წუხელ გვიან ღამით მოხდა.
ბრალდებულების საცხოვრებელ სახლს ამ დრომდე პოლიცია იცავს. ადგილზე რჩებიან შსს-ს თანამშრომლები. მოკლულის ცხედარი კი საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული. ადგილობრივ მოსახლოებას უჭირს პასუხი კითხვაზე თუ რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი, როგორც სოფელ ზღუდერში ყვებიან მხარეებს შორის აქამდე კონფლიქტი არასოდეს მომხდარა.
“ჩემ ხელში გაიზარდა, საკუთარი შვილივით გავზარდე, როგორ არ მეტკინება… არაფერი დაუშავებია ამ ბავშვს. ქეიფობდნენ სუფრაზე, გამოვიდა და… ჩხუბი მოუვიდათ… კი იჩხუბეს მაგრამ, ან ხელი დაარტყი, ან სიტყვიერად გაარჩიეთ… ასე სასიკვდილოდ? ხელები შეუკრეს და ისე ცემეს ბავშვი. გავიგე, რომ უკან ჰქონდა ხელები შეკრული, რომ ვერ მოერივნენ, მერე შეუკრეს. ყელზე ნათითურები და ჩალურჯებები აქვს, მუხლები დასხვეპილი ჰქონდა, სულ ტალახშია ნაგორავები, თავი დარტყმული აქვს,” – აცხადებს მოკლული ახალგაზრდის ახლობელი.
“საუკეთესო, გულიანი ბიჭი მოკლეს. როგორ გაიმეტეს, თან ასეთი წამებისთვის, გაოგნებული ვართ ყველა”, – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობარი.
ბრალდებული ძმები მედოშვილები, ქარელის პოლიციამ გვიან ღამით დააკავა, ისინი გადაყვანილები არიან წინასწარი მოთავსების იზოლატორში და ბრალის ოფიციალურ გაცნობას ელოდებიან. მომხდარზე საქმე დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით. ერთი გულისხმობს განზრახ მკვლელობას და მეორე მკვლეობაში დახმარებას. ბრალის ოფიციალურ გაცნობის შემდეგ ბრალდებულ ძმებს სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც მოსამართლე აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.