სოციალური ქსელი მოიცვა პატიმარი გოგონას ვიდეომ, რომელიც პირდაპირ დეფილედან გაათავისუფლეს.
გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალმა მსჯავრდებულებმა ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად,
თავადაც წარუდგინეს.
განსაკუთრებულად ემოციური ღონისძიების ფინალი აღმოჩნდა. ჩვენების დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მონაწილე მსჯავრდებული, „ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა.
როგორ ირკვევა გათავისუფლებული პატიმარი 20 წლის მარიკო ნოზაძეა. მას გათავისუფლებამდე 2 წელი ჰქონდა დარჩენილი. რის გამო იყო გოგონა პატიმრობაში, ამის შესახებ დეტალები უცნობია და ამაზე არც გათავისუფლებული მსჯავრდებული საუბრობს.
„მადლობა ყველას, ციხის ადმინისტრაციას, ჩემს ოჯახს, რომელიც გვერდში მედგნენ. რთულია, როცა ოჯახს მსჯავრდებული ჰყავს, მისი რჩენა დიდ თანხას მოითხოვს, დედაჩემმა ბევრი იშრომა, რომ მე იქ არაფერი მომკლებოდა. ამის გამო დიდ მადლობას ვუხდი დედაჩემს.
სამომავლო გეგმები დიდი მაქვს. პენიტენციურ დაწესებულებაში შევისწავლე ვებ-დიზაინი. მინდა სამსახური ვიშოვო, ძალიან მჭირდება. თავისუფლება ძალიან დასაფასებელია. შეცდომებს ყველა ვუშვებთ, ამისგან დაზღვეული არავინაა, მთავარია პატიება ვისწავლოთ. ძალიან ვღელავ, როცა ამაზე ვსაუბრობ.
ქალბატონ ნათიას (გუშინდელი ღონისძიების ორგანიზატორი) ვეუბნებოდი, როცა ციხეში შეხვალთ, მეც შემიყოლოს, მენატრებიან ყველა. ყველას იგივეს განცდას ვუსურვებ, რაც მე განვიცადე. იმედია მსგავსი პროექტები კიდევ გაგრძელდება. ყველას წარმატებას და თავისუფლებას ვუსურვებ”, – განაცხადა „პალიტრანიუსთან” მარიკო ნოზაძემ.