“4 პირი დააკავეს თბილისსში მომხდარ მკვლელობის საქმეზე..” – ნახეთ რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი?

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 4 პირი დააკავეს.საუბარია ე.წ. მალაკნების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულზე, რა დროსაც 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი მოკლეს.

ირკვევა, რომ ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას, რის შედეგადაც დაიჭრა თავად მკვლელობაში ბრალდებული. დანაშაულის მოტივად კი შსს წარსულში არსებულ კონფლიქტს ასახელებს:

“დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ი.ბ. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული გ.ბ., 1988 წელს დაბადებული ჯ.ფ. და 1987 წელს დაბადებული დ.მ.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, თბილისში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა 1997 წელს დაბადებული ტ.ფ.-ს მიმართულებით, მიღებული დაზიანებების შედეგად ტ.ფ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საპასუხო გასროლისას დაიჭრა ი.ბ., რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრნენ, ბრალდებულის მეგობრები – გ.ბ., ჯ.ფ. და დ.მ., თუმცა მათ სამართალდამცავ უწყებას დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინეს.” ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ე.წ. მალაკნების ბაზრის მიმდებარედ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც თვითმხილველები „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჰყვებიან, შემთხვევა წუხელ, დაახლოებით, 20:00-21:00 საათზე მოხდა.

მოკლულია 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი. ასევე, დაჭრილია მისი თანმხლები პირი, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

თვითმხილველის განმარტებით, შავი ფერის მანქანა მოძრაობის წესების დარღვევით გზის მეორე მხარეს გადავიდა და ახალგაზრდა ბიჭს გამიზნულად დაეჯახა.

“გიჟივით შემოიჭრა წრეზე, ისეთი ხმა იყო, მაშინვე გავიხედე. მანქანა ბიჭს დაეჯახა, რის შემდეგაც წაიქცა. ვინც დაეჯახა, ის მანქანიდან გადავიდა, ცემა დაუწყეს ერთმანეთს, შემდეგ სროლის ხმა გავიგე. სავარაუდოდ, 2 იარაღიდან მოხდა გასროლა, რადგან სხვადასხვანაირი ხმა იყო, დაახლოებით, 4-5-ჯერ ისროლეს.

ვინც დაეჯახა, ის მანქანაში მარტო იყო თუ არა, არ მახსოვს.

ეს ბიჭი სასწრაფოს მოსვლიდან 10-15 წუთში გარდაიცვალა.

აქ ამბობდნენ, მოკლულს ჯავშანჟილეტი ეცვა, სასწრაფო რომ მოვიდა ჟილეტს ხდიდნენო… როგორც ჩანს, ელოდებოდა ეს საფრთხეს.

სავარაუდო მკვლელი, წარსულში ნასამართლევი ყოფილა. ამბობენ, ადრე იმ ბიჭმა დაჭრა, ვინც წუხელ მოკლესო. სიმართლეა, თუ არა, არ ვიცი.

აქ მაცხოვრებლები ამბობდნენ, მთელი დღის მანძილზე უთვალთვალებდაო. ალბათ, შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა, თორემ ამდენი კამერის და ამდენი ადამიანის თვალწინ არ გააკეთებდა”, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ კეთდება.

Share.