წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საჩინოში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებელი გია ჭკადუა მართავდა ქუჩაში ფეხით სახლისკენ მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა. შეჯახება სამწუხაროდ, იმდენად ძლიერი იყო, რომ მოზარდი ადგილზე დაიღუპა, ასევე დაშავდა ნიკოლოზის დედა, რომელიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას მოტეხილობები აქვს.
გარდაცვლილი მოზარდი მე-3 კლასელის მოსწავლე ნიკოლოზ სალიაა, როგორც შევიტყვეთ, ბავშვი სკოლიდან სახლში დედას მოჰყავდა, როცა ეს საშინელი ფაქტი მოხდა. ადგილობრივების თქმით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. იმასაც ამბობენ, რომ თავად მძღოლმა, გია ჭკადუამ ამ ფაქტის შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა, ისიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.
მოზარდის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, მას ექსპერტიზა უტარდება.
“სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმას, რაც ახლა სოფელში ტრიალებს. საშინელი ტრაგედია მოხდა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. გარდაცვლილი მოზარდი მესამე კლასელია, ნიკოლოზ სალია. დღეს ბავშვი ჩვეულებრივ სკოლაში იყო, ნიკოლოზი ჯვარის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეა. როგორც შევიტყვე, ბავშვს ხელი ჰქონია მოტეხილი და ამიტომ რამდენიმე დღე გააცდინა, გუშინ გამოსულა სკოლაში.
ტრანსპორტი ემსახურებათ, მაგრამ დღეს დედას წაუყვანია და შინ დაბრუნებისას, ეს ტრაგედია მოხდა. საშინელი ამბავი, როცა სანუგეშოს ვერაფერს ამბობ. ძალიან განადგურებულები ვართ. ჯვარიდან არის ნიკოლოზი, ოჭანეს უბანში ცხოვრობს, ვინც დაეჯახა ის ბიჭიც მეზობელია, იმავე უბანში მაცხოვრებელი გია ჭკადუა. ბავშვი ადგილზე იყო გარდაცვლილი, დედას აქვს მოტეხილობა და გადაყვანილია კლინიკაში. მან ჯერ კიდევ არ იცის შვილი ცოცხალი რომ არ არის.
მძღოლმა, ვინც მანქანას მართავდა, გია ჭკადუამ თვითდაზიანება მიიყენა. ეს ითქვა, სხვას ვერაფერს გეტყვით, ძალიან განვიცდით”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” წალენჯიხის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.
წყარო:dailyinfo.cc