მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, “ბიუჯეტი კვლავ დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით”. მათი ცნობითვე, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 31.2 მილიარდი ლარია, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.სოციალური მიმართულებით:
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში:
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება;
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს გადააჭარბებს;
გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;
120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური დახმარება შეადგენს 200 ლარს;
ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6,3 მილიარდ ლარს;
ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,9 მილიარდი ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა
დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი.
განათლების მიმართულებით:
განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 370,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც:
საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება დამატებით 200,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების სრულად დაფინანსება;
გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები;
საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 560 მლნ ლარზე მეტი;
საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 180,0 მლნ ლარზე მეტი;
კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 920,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 515,0 მლნ ლარი;
თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით:
თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 330 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა;
თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 410,0 მლნ ლარი;
ინფრასტრუქტურა
ჯამში, ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 7,0 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის:
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,5 მილიარდ ლარამდე, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,0 მილიარდ ლარამდე;
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი;
წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 670,0 მლნ ლარზე მეტი;
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 930,0 მლნ ლარამდე;
ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 150,0 მლნ ლარზე მეტი;
საქართველოს მთავრობის ცნობითვე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2025 წელს გათვალისწინებულია 280.0 მლნ ლარზე მეტი, სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის – 630,0 მლნ ლარზე მეტი. გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის კი, გამოყოფილია 240,0 მლნ ლარამდე.
საჯარო მოხელეთა ანაზღაურება
2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.
2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა საბიუჯეტო პროცესის თანახმად, გაგრძელდება პარლამენტში. საბოლოო ვერსიას დეკემბერში მიიღებენ.
წყარო:geonewest.com