ექიმი-რეანიმატოლოგი 32 წლის გუბაზ კორძაია 12 ივნისს ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ გზაზე საზარელი ავარიაში გარდაიცვალა. მისი კოლეგა, ანა ბოქოლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს:
“მეგობრებს კი არა, ქვეყანას რომ გამოეცალა ხელიდან. როგორ ახერხებდი, რომ ამხელა იმედი და საყრდენი იყავი ყველასთვის გუბაზიკ, დაუზარელი, საქმის უერთგულესი, უწესიერესი, უკეთილშობილესი, ძალიან ყურადღებიანი, სულ სხვისი დახმარების პროცესში, იმ ჰაი კლასის მედიცინის პოპულარიზებას ცდილობდი სულ, რომელშიც სულს და გულს დებდი, სისხლის ყოველ წვეთს უფრთხილდებოდი, ყველა პაციენტს ეფერებოდი, ამხნევებდი, ყველა უმცროსს ასწავლიდი, არ გეზარებოდა, ან ამდენი ენერგია საიდან გქონდა?
ვერაფერი მოასწარი შრომის და ღამისთევის გარდა, დილის 6-დან საოპერაციოში იდექი, სულ ძილი გენატრებოდა, სულ გადარბენაში იყავი და ახლა, როცა ამომავალი კი არა, უკვე ამოსული ვარსკვლავი და შემდგარი ძალიან მაგარი პროფესიონალი იყავი, და რომ უნდა დაგეწყო ტკბობა შენი მიღწეული შედეგებით, უცებ დამთავრდა ყველაფერი. ბევრჯერ მითქვამს შენთვის, რა ბედნიერები არიან შენი მშობლები, ასეთი შვილი რომ ჰყავთ-თქო.
ვერ წარმომიდგენია, რომ აღარ დამირეკავ, აღარ მეცოდინება შენი ამბები, ვეღარ დაგარიგებ და ვეღარც გიგულშემატკივრებ. როგორ მინდა რამე შეგვეძლოს! პაციენტები რეკავენ გაგიჟებულები… სიკვდილიც რაღაცნაირი “ლამაზი” გქონდა, როგორც მეგობრობა, საქმე და ადამიანობა.
ძალიან გვატკინე ყველას! საშინლად!
მიყვარხარ ოქროს ბიჭო, სულ ვიქნებით შენი შვილების გვერდით, მაგრამ შენ ვერავინ ვერასდროს შეგცვლის”, – წერს ანა ბოქოლიშვილი.