მარიამ სიბრილაძემ 16 წელი იტალიაში იცხოვრა, ისწავლა, დაოჯახდა და შვილები გააჩინა. მისი ისტორია მოსასმენად ძალიან მძიმეა, მაგრამ დღეს ის უკვე გამარჯვებულია მესამე სტადიის სიმსივნეზე, რომელიც წლების ბრძოლის შემდეგ დაამარცხა და ახლა სხვების გადასარჩენად იბრძვის…
– ოდესმე გადაღლილობისგან და ტკივილისგან ბრძოლის სურვილი დაგიკარგავთ?
– ბრძოლის უშრეტი სურვილი იყო, ის რამაც გადამარჩინა. ერთი წამით არ მიფიქრია უკან დამეხია. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, მთავარი იყო მეცოცხლა! მახსოვს დიაგნოზიდან რამდენიმე დღეში, პროფესორის კაბინეტის კარი შევაღე და გამოვუცხადე, მზად ვარ ორივე მკერდის მასტექტომიისთვის, თუ საჭიროა კიდურებიც მომკვეთეთ, ჩემი შვილები პატარები არიან და კიდევ სჭირდებათ დედამეთქი!
მადლობა ღმერთს არც ერთი ძუძუს მოკვეთა არ დამჭირდა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი. მკურნალობის პროცესში დაღლას ვერ ვგრძნობდი, დაღლას ვგრძნობ ახლა, როცა ყველაფერი უკან დარჩა, ვზივარ და ვფიქრობ, როგორ გავუძელი ამ ყველაფერს და ვერ ვიხსენებ მომენტს, როცა ბრძოლისთვის თავის დანებება მინდოდა, მიდმივად ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ვერც სირთულეს ვგრძნობდი, რეალურად ძალიან ცუდად ვიყავი, არ შეიძლებოდა კარგად ვყოფილიყავი, მაგრამ არ მიგრძნია.
წყარო: epicentri.club