„იმის შიშით, რომ ვირუსი ექნებაო, ჩემს შვილს სასიკვდილო განაჩემი გამოუტანეს” – რატომ მიუხურეს 16 წლის გოგონას კლინიკებმა კარები

0

,,ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ სხვამაც არ დაუშვას იგივე შეცდომა, რაც მე”, – ასე იწყებს თიკო მიქაბერიძე იმის მოყოლას, თუ რა გადაიტანა მისმა ოჯახმა და მისი 16 წლის გოგონა როგორ აღმოჩნდა განწირული იმის გამო, რომ კლინიკებმა არ მიიღეს.
,,16 სექტემბერს ჩემი 16 წლის გოგონა მუცლის ტკივილით, ღებინების შეგრძნებით შევიყვანეთ ლანჩხუთში ,,ავერსის” კლინიკაში, სადაც გაუკეთდა ექოსკოპია. გადამღებმა (სამწუხაროდ, სახელი არ ვიცი) ქირურგს უთხრა, ეს ბავშვი კლინიკაში დატოვეთ, დაკვირვება სჭირდებაო. გასინჯა ქირურგმაც, თქვა, ბავშვი მოწამლულია, ეს არ არის ქირურგიული პაციენტიო და ამის შემდეგ პალატაში ერთხელაც არ შემოუხედავს.გადაგვამისამართა თერაპევტთან.

გაიხსნა ისტორია საკვებით ინტოქსიკაციაზე. გაუკეთდა გადასხმა და გაგვიშვეს სახლში. მეორე დილით, ალბათ როცა ექოსკოპიის გადამღები საავადმყოფოში მივიდა და არ დავხვდით, ტელეფონზე დაგვირეკა (რისთვისაც მადლობას ვუცხადებ მას, ფაქტობრივად ჩემი შვილი სიკვდილს გადაარჩინა) და გვითხრა, მიგვეყვანა ბავშვი, რადგან ისევ უნდა გადაეღო…

მივედით, გადაუღო და თქვა, ბრმანაწლავს კარგად ვერ ხედავენ, მაგრამ ჩანს გამონაჟონი, რის შემდეგაც შეიძლება ბრმანაწლავი გასკდეს. სასწრაფოდ გადაიყვანეთ ბათუმში, რომ ბავშვთა ქირურგმა გასინჯოსო. დარეკეს კლინიკა ,,მედინაში”, აუხსნეს ბავშვის მდგომარეობა და ქირურგს სთხოვეს, ადგილზე დაგვხვედროდა.

,,მედინაში” გაუსინჯეს სიცხე და 37 ° აღმოაჩნდა, რის გამოც უარი თქვეს ბავშვის კლინიკაში დატოვებაზე, სანამ არ ჩავიტარებდით ტესტს კორონაზე. წავედით რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც არის ცხელების ცენტრი. გვითხრეს, ადგილი არ გვაქვს, ,,ბაუს” კლინიკაში მიდითო და ცხვირწინ დაგვიკეტეს კარი. ,,ბაუში” მისულებს იგივე სიტუაცია დაგვხვდა – ჩვენ ადგილი არ გვაქვს, ვერ დაგეხმარებითო.

ვეხვეწებოდი, შემოგვიშვით, ბავშვს ბრმანაწლავი გაუსკდება და დავიღუპებით-მეთქი, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებითო და აქაც დაიკეტა ჩემი გოგონასთვის კარი.

ტკივილი თანდათან ემატებოდა. დავრეკეთ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, ზუსტად ერთი საათის განმავლობაში მხოლოდ დაკავება იყო. სასოწარკვეთილმა 112-ზე დავრეკე, საიდანაც მიპასუხეს, მხოლოდ სასწრაფოს გამოგზავნა შეეძლოთ, რათა ბავშვისთვის გაეწიათ პირველადი დახმარება, მაგრამ ჯერაც არ მოსულა.

ნათესავის დახმარებით მოვხვდით ხელვაჩაურში კლინიკა BMC-ში, სადაც მოსვლისთანავე მიიღეს ბავშვი. ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა და არც საკვებით ინტოქსიკაცია აღმოჩნდა, არც ბრმანაწლავი… მენჯის ღრუში აღმოაჩნდა სითხე, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია, რადგან ძალიან ცუდი ანალიზები ჰქონდა. რომ არა კლინიკა BMC და აქაური მედიკოსები, რომლებმაც სწრაფად და ზუსტად იპოვეს დიაგნოზი, რა ეშველებოდა ჩემს გოგონას, რომელსაც სიცოცხლე ასე უყვარს?

იმის შიშით, რომ ბავშვს კორონა ექნებაო, სამმა უდიდესმა კლინიკამ დაკეტა ჩვენთვის კარები. იმის შიშით, რომ ბავშვს კორონა ექნებაო, ჩემს შვილს სასიკვდილო განაჩემი გამოუტანეს. ჯერ ერთია, არასწორი დიაგნოზი და მეორეც ის, რომ 16 წლის გოგონას ჯანმრთელობა ამხელა კლინიკებმა არაფრად ჩააგდეს”.

Share.